“საბურავებია დაჭრილი, წარწერებია გაკეთებული. ვუკავშირებ ჩემს აქტივობას. ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა მუქარები დარეკვები ჩემთან, ჩემს ოჯახის წევრებთან”
“ეს არის გაკეთებული იმ ადამიანების მიერ, ვინც კარგად მიცნობს მე, იმ ადამიანების მიერ, ვინც არიან ქართულ ოცნებაში ახალციხეში”
“მოვითხოვ მერისგან, თვითმმართველობისგან გააკეთონ განცხადება, მოუწოდონ საგამოძიებოს გამოიძონ ვინ გააკეთა”
საბურავები დაჭრეს და წარწერები გაუკეთეს დემოკრატ მესხთა კავშირის წარმომადგენელს, ჯაბა ნათენაძეს. როგორც ნათენაძე გვეუბნება, შემთხვევა სავარაუდოდ გვიან ღამით, ვალის ცენტრში, პოლიციის შენობიდან დაახლოებით 200 მეტრში მოხდა. დაზიანებები და წარწერები კი დილით შეამჩნია.
ჯაბა ნათენაძე ერთ-ერთია იმათგან, რომელიც რუსულ კანონს აქტიურად აპროტესტებს, იყო ახალციხეში გამართული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, – იგი მანქანის დაზიანებას სწორედ მის აქტივიზმს უკავშირებს, რადგან როგორც გვეუბნება ბოლო დღეების განმავლობაში არ წყდებოდა ზარები და მუქარები როგორც მისი ასევე ოჯახის წევრების მიმართულებით.
ადგილზე იყო პოლიციის ჯგუფი, როგორც გავარკვიეთ ავტომანქანა ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. დაიწყო თუ არა გამოძიება? – შსს-დან პასუხი ამ დრომდე არ გვაქვს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეს ავტომობილი დაუზიანეს. იგივე მოხდა რამდენიმე დღის წინ თბილისში, მაშინ, როდესაც „სტუდია მონიტორის“ გამგეობის თავმჯდომარის, ნინო ზურიაშვილის მანქანაზე შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს.