სექტემბრიდან შესაძლოა კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ იგი აცრილია ერთი დოზით ან სრულად, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საკითხზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს და საზოგადოებას გადაწყვეტილებას გააცნობენ.
„საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე”,-განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში სამი კვირის განმავლობაში (14 აგვისტო-4 სექტემბერი) მუნიციპალური ტრანსპორტი შეიზღუდება. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.
ასევე, იზღუდება ფესტივალები, მასობრივი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები. შეზღუდვა არ ეხება ისეთ სპორტულ ღონისძიებებს, რომლებიც საერთაშორისო ეგიდით იმართება.
იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა და კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00 საათამდე შეეძლებათ.