ვებ ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება – როგორ გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები განვითარებისათვის ან იდეების საკუთარი ბიზნესად გარდაქმნისთვის? – ამ ყველაფერს ჟურნალისტიკის რესურსცენტრის კურსის ფარგლებში, ფოთელი ახალგაზრდები ფოთშივე, სამი თვის განმვალობაში ეუფლებოდნენ.
ფოთის IT სკოლა გახდა პირველი ინიციატივა, რომელმაც სრულიად უსასყიდლოდ 18 ახალგაზრდას საშუალება მისცა ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ტექნოლოგიები, ვებ დეველოპმენტი, კოდირება, ციფრული მარკეტინგი მათთვის ნაცნობ სფეროებად ექციათ.
რამდენიმე თვიანი კურსი, რომელსაც ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ექსპერტები დ აგამოცდილი ტრენერები (გიორგი მანთიძე, ნათია კუპრაშვილი, ნინა ხელძე, ალექსანდრე ჩომახიძე) უძღვებოდნენ ჰიბრიდული ფორმატით ინტენსიურ სწავლებას მოიცავდა.
კურსის დასასრულს ფოთის IT სკოლის მოსწავლეებმა ფინალური პროექტები დაამუშავეს და წარადგინეს.
ონლაინ გაყიდვების სისტემა, უნიკალური სასწავლო სივრცის კონცეფცია, მიუსაფარი ძაღლების მოვლის და დაკარგული ცხოველების პოვნის სერვისი, უსაფრთხო კიბერ სივრცე, ავტოსერვისი და სხვა-სკოლის პირველი ნაკადის ფინალური ნამუშევრები შინაარსით, ფორმით და ფორმატით, კრეატიულობით და ტექნოლოგიურად მრავალფეროვანი იყო.
სკოლამ პირველი ნაკადი, 18 ახალგაზრდა უკვე გადაამზადა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და პროცესი გრძელდება – მალე გამოცხადდება საგაზაფხულო კურსებზე მიღებაც.
პროექტს “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი”, “ეიპიემ ტერმინალს ფოთთან” პარტნიორობით ახორციელებს.