“ვერ მივდივართ სახლამდე” – დაზიანებული შიდა გზები სოფელ სვირში
რა საკითხების მოგვარება ისურვეს სოფელ სვირში მცხოვრებლებმა
ნახეთ სიუჟეტი
ახალციხის სოფელ სვირში მოსახლეობა შიდა გზების რეაბილიტაციას ითხოვს – საკითხი ადგილობრივებმა, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს. შესაბამისად, ზემოთხსენებული პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, სწორედ შიდა გზების რეაბილიტაცია დაიგეგმება.
შეხვედრა მოსახლეობასა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შორის დღეს გაიმართა. შეხვედრის შედეგად, გამოიკვეთა კიდევ ორი პრიორიტეტი: გარე განათების და სანიაღვრე არხების მოწყობა.
რა ეტაპზეა გასულ წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელება? – მერის, ირაკლი ლაზარაშვილის თქმით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, ხოლო ნაწილი – არა.
მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრები პირველ თებერვალს დაიწყო და დღეს დასრულდა. ახალციხის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მუნიციპალიტეტისთვის 612 000 ლარი გამოიყო. როგორც მერიაში გვეუბნებიან, მათ თანხის 200 %-ით გაზრდა შეუძლიათ.
ამავე წყაროს ცნობით, გასულ წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში, 800 000-მდე ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან – 600 000-ზე მეტი ლარი დაიხარჯა.