“ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით”- პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლის მთავარი გზავნილები

March 31, 2023

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

განახლება

საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება ბუჩაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო.

“თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ფერისცვალება,”- ასე მიმართა საქართველს პრეზიდენტმა  პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მმართველ გუნდს.

სალომე ზურაბიშვილმა  ყოველწლიური მოხსენებით წარდგენისას  “ქართული ოცნება”   ძალაუფლების გამყარების მცდელობაში დაადანაშაულა.

“დაჩქარებულ რეჟიმში მიღებული კანონები (მოსმენების კანონი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, მოსამართლეების გამწესების წესში ცვლილებები და უცხოელი აგენტების კანონი) ემსახურება არა ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებას ან მოქალაქეების კეთილდღეობას, არამედ ძალაუფლების გამყარებას და გახანგრძლივებას,”-აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილი საქართველოს უკრაინისადმი დამოკიდებულების საკითხსაც შეეხო. “უკრაინასთან მიმართებაში კი, ვერც დიპლომატია გამოვიჩინეთ, ვერც გონიერება და ვერც ჩვენთვის შესაფერისი ისტორიული სოლიდარობა”- განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს მოქალაქეები დაარწმუნოს იმაში, რომ  ევროპა ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება:

“რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხალხი დაარწმუნოთ იმაში, რომ ევროპა ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ღირებულებებს, ან კიდევ მშვიდობას, შედეგს ვერ მიაღწევთ. ქართველმა ხალხმა საუკუნეზე მეტია იცის,  რომ ევროპული ღირებულებები სრულ თანხვედრაშია ქართულ ღირებულებებთან”.

პრეზიდენტი სიტყვით გამოსვლისას ემიგრანტებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივების საკითხსაც  შეეხო :

“ჩვენ კიდევ უნდა გავამარტივოთ მოქალაქეობის მიღება ჩვენი ემიგრანტებისთვის, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის და დღეს უკვე რუსეთიდან დაბრუნებულებისათვის, ეს მათთვის ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფრენების აღდგენა,”-აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, მისი იმპიჩმენტით  მუქარას:

“რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ,  ხან საკონსტიტუციო სასამართლოში მიჩივლოთ, ხან რომელ ძალას მიმაწებოთ, ხან ეცადოთ და ამიკრძალოთ საერთაშორისო ვიზიტები, ხან ქართული დამიწუნოთ, მაინც ვერ შეცვლით ჩემს მიზანს და მეც ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ყოველწლიური მოხსენებით წარდგენისას.

ასევე გაირკვა, რომ  სალომე ზურაბიშვილი 18 აპრილს ევროპარლამენტში  სიტყვით გამოვა.  

“მივიღე ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა. 18 აპრილს, ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით, ვიცი ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ,”- აღნიშნა პრეზიდენტმა. 

პრეზიდენტის რანგში ეს სალომე ზურაბიშვილის მეოთხე წლიური ანგარიში იყო.

სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ ანგარიშს შეფასებები მოჰყვა მმართველი გუნდიდან და ოპოზიციიდან.

“ქართული ოცნების” დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ჭორაობაზე იყო დაფუძნებული. “საზოგადოება ამ ყველაფერს უყურებს და უბრალოდ წარმოუდგენელია – პრეზიდენტი იყენებს მაღალ ტრიბუნას იმისთვის, რომ მთელი მისი გამოსვლის დიდი ნაწილი დაფუძნებული იყოს, პირდაპირ ვთქვათ – ჭორაობაზე”,- განაცხადა ღუდუშაურმა.

პრეზიდენტის დღევანდელ ანგარიშს “საინტერესო” უწოდა „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა.

“ძალიან საინტერესო იყო, ძალიან მკვეთრი “მესიჯებით” დასავლურობის კუთხით, ამ გზაზე. მან ძალიან სერიოზული შენიშვნები მისცა [უმრავლესობას]”,- აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

“პრეზიდენტმა პარლამენტიდან მმართველ პარტიას პოლიტიკური სილა გააწნა”,- ასე შეაფასა პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა.