ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
მომდევნო წლის ბიუჯეტის განხილვა-დამტკიცებაზე ქვეყნის მასშტაბით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
რამდენად შეძლო მოსახლეობამ მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა და საკუთარი ინიციატივების წარდგენა ?კითხვებით ჩვენ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებს დავუკავშირდით.
როგორც აღმოჩნდა ახალქალაქის, ასპინძის და ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობას მოსახლეობა არ იღებს.
“არ გვაქვს ეგეთი არაფერი, ბიუჯეტი გადაგზავნილია საკრებულოში და განიხილავენ,” – გვეუბნება ახალქალაქის მერი, იურიკ უნანიანი.
“მოქალაქეები არა, მაგრამ ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობენ მერიასთან არსებული სამოქალაქო საბჭოს წევრები,” – გვეუბნება ასპინძის მერი, როსტომ მაგლაქველიძე.
“არანაირი იდეა არ არის შემოსული ამ ეტაპზე. გვინდოდა ჩართვა მოქალაქეების, თუმცა სამწუხაროდ პანდემიიდან გამომდინარე ვერ ვასწრებთ განხილვებზე ხალხს,” – გვეუბნება ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე, ოთარ არგველიშვილი.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი, ანივარდ მოსოიანი გვეუბნება, რომ ბიუჯეტის დაგეგმვის დროს ინიციატივა რამდნიმე მოქალაქეემ წარადგინა და წინადადებები საკრებულოშია გადაგზავნილი განხილვაზე.
რაც შეეხება ახალციხის მუნიციპალიტეტს, აქ გვეუბნებიან, რომ აქვთ პროექტი “დაგეგმე შენი ბიუჯეტი” შესაბამისად მოსახლეობას შეუძლია საკუთარი ინიციატივები წარადგინოს და შემდეგ სასურველ იდეას მხარი დაუჭიროს.
ამ პროგრამის ფარგლებში უწყებაში 84 იდეა შევიდა, ხმის მიცემის ეტაპზე გადავიდა 37 და გაიმარჯვა პროექტმა , რომლის მიხედვითაც ახალციხეში აბის დასახლებაში სავარჯიშო ტრენაჟორები დამონტაჟდება.
შეიტანეს თუ არა მოქალაქეებმა ინიციატივები ადიგენის მერიაში? კითხვაზე მერიიდან კომენტარი ვერ მივიღეთ.