სამველ მანუკიანი ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად “ქართულმა ოცნებამ” გუშინ წარადგინა. ის საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრია. საკანონმდებლო ორგანოში 2016 წლიდან შევიდა. იყო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, 2017 წლიდან კი აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრია.
პარალელურად, მანუკიანი ფლობს 50 %- იან წილს კომპანიებში შპს „კრისტალი“ და შპს „გრანდი“. ამასთან, იგი 2009-16 წლებში იკავებდა შპს „გეოფუდის“ კომერციული დირექტორის თანამდებობას და ფლობდა 50 %-იან წილს.
მანუკიანი “ქართული ოცნების” შემომწირველია. მან 2016 წლის 14 სექტემბერს პარტიას 45 000 ლარი შესწირა.
დეპუტატობის კანდიდატს განათლება მიღებული აქვს, ერევნის ეკონომიკურ უნივერსიტეტში, სამოქალაქო შრომის სამართალის მიმართულებით.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა სია „ქართულმა ოცნებამ” 20 ივლისს დაასახელა. ანტონ ობოლაშვილი სამცხეში, ხოლო სამველ მანუკიანი ჯავახეთის რეგიონის დეპუტატობისთვის იბრძოლებენ.
სამცხეს დეპუტატობის კანდიდატი დაასახელა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც“. პარტიის სახელით არჩევნებზე ვანო მერაბიშვილი წარდგება. ხოლო ვინ იქნება არჩევნებში მანუკიანის კონკურენტი უცნობია.
ავტორი: მიშო დარბაიძე