ვინ გახდება სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორი – არჩევნები 30 იანვარს გაიმართება

January 26, 2026

“სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის” რექტორობისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს. რექტორის არჩევნები 30 იანვარს გაიმართება და იმას თუ ვინ უხელმძღვანელებს სასწავლებელს მომდევნო 4 წლის განმავლობაში, 8 პირისგან შემდგარი აკადემიური საბჭო გადაწყვეტს. 

“აკადემიური საბჭოს” ერთ-ერთი წევრის, ირმა ქურდაძის თქმით, რექტორობისთვის შემდეგი კანდიდატები დარეგისტრირდნენ:

მერაბ ბერიძე – ბერიძე 2012-13 წლებში სჯსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო,  2013-დან 2018-წლამდე კი – რექტორი. 2018 წლიდან დღემდე რექტორის მოადგილეა სამეცნიერო დარგში. 

თინა გელაშვილი – სჯსუ-ს რექტორი 2007-12 წლებში.

ვახტანგ თაქთაქიძე – ეკონომიკის დოქტორი, თეოლოგი. როგორც იგი გვეუბნება, 2017 წლიდან სჯსუ-ში როგორც პროფესიულ, ისე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სხვადასხვა მიმართულებით ასწავლის.

როგორც რექტორი, მაკა ბერიძე გვეუბნება, ხვალ 14:00 საათზე გაიმართება საჯარო შეხვედრა, სადაც კანდიდატები თავიანთ სამოქმედო გეგმას წარადგენენ.

ამ ეტაპზე უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძეა, რომელსაც ეს თანამდებობა ორი ვადით, 8 წელია უკავია. მესამე ვადით ბერიძეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ აქვს. 

რა გეგმა აქვს მაკა ბერიძეს? – როგორც მან ჩვენთან ინტერვიუში თქვა, აპირებს უნივერსიტეტში დარჩეს, როგორც პროფესორი.