საქართველოს მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა მიმდინარეობს. ადიგენის მუნიციპალიტეტში გასულ კვირას საფინანსო დოკუმენტის პროექტი უკვე დამტკიცდა, განხილვისთვის მერიას მიეწოდა. საკრებულოში გვეუბნებიან, რომ საბოლოო სახით ბიუჯეტი კენჭისყრაზე მიმდინარე წლის 28 დეკემბრამდე გავა.
ასეთივე პროცედურით მიმდინარეობს ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი ასპინძის მუნიციპალიტეტში. რაც შეეხება სამცხის სხვა მუნიციპალიტეტებს, საკრებულოებში ბიუჯეტის პროექტის განხილვის ზუსტი თარიღი არ იციან.
კითხვა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ბათუმის საკრებულოში ბიუჯეტის დამტკიცების მიზნით სხდომა ჩაინიშნა, რომელსაც ძველი შემადგენლობა უძღვება. აღნიშნული დაპირისპირების მიზეზი გახდა ძველი და ახალი მოწვევის საკრებულოს შემადგენლობას შორის.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბათუმში სამცხის მუნიციპალიტეტებისაგან განსხვავებით, “ქართული ოცნების” დეპუტატები უმრავლესობაში არ არიან
პრაქტიკის თანახმად, იმისათვის რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი საბოლოოდ დამტკიცდეს შემდეგი პროცედურებია საჭირო: პირველ რიგში მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა შეიმუშავოს ბიუჯეტის პროექტი, რომელიც საკრებულოს გადაეგზავნება, შემდგომ დეპუტატები მას სხდომაზე განიხილავენ და შენიშვნებით, რეკომენდაციებით ან მათ გარეშე, დოკუმენტი ისევ მერიას ეგზავნება. მუნიციპალიტეტის მერიამ რამდენიმე დღეში უნდა გაითვალისწინოს საკრებულოს შენიშვნები (არსებობის შემთხვევაში) და მზა ბიუჯეტის დოკუმენტი კვლავ საკრებულოში გადაგზავნოს დასამტკიცებლად.
პროცედურის თანახმად, მას საკრებულოს სხდომაზე გაიტანენ და მხარდაჭერის შემთხვევაში დაამტკიცებენ. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ბიუჯეტი ძირითადად დეკემბრის ბოლოს მტკიცდება.
რა ხდება მაშინ თუ საკრებულო ბიუჯეტს მხარს არ უჭერს? ამ და სხვა საკითხებზე ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, კოტე კანდელაკი გვესაუბრება.