ვინ და საიდან აღვივებს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში პრორუსულ განწყობებს

January 20, 2023

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

ფოტო: Brandeis NOW

გამოვლენილია ვებ პლატფორმებზე მოქმედი პრორუსული ქსელი, რომელიც  საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ანიტიდასავლურ განწყობებს აღვივებს, – დასკვნას „სამართლიანი არჩევნებისა” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომლის მიხედვით ქსელის მიზანი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში  რუსეთის პოზიტიური როლის წარმოჩენაა.

პრორუსული ქსელის  მიზანია, რუსეთი რეგიონში მთავარ მოკავშირედ წარმოაჩინოს, – ამბობს ISFED-ის სოციალური მედიის ანალიტიკოსი ეკატრენიე ჯანიაშვილი.

ანგარიშის მიხედვით, პრორუსული ქსელის ნაწილია ქართულენოვანი Facebook გვერდი “Saperavi News”, რომლის პოსტების შინაარსი, ძირითადად, დასავლეთის საწინააღმდეგო და რუსეთის მხარდამჭერია.

დავინტერესდით, ვინ დგას აღნიშნული გვერდის უკან,ვცადეთ სოციალურ ქსელშივე დაკავშირება, რადგანაც გვერდზე ტელეფონის ნომერი მითითებული არ არის. Facebook მესინჯერში ჩვენი შეტყობინება “Saperavi News-მა” უპასუხოდ დატოვა.

“Saperavi News”-ის პირველი პოსტი 2022 წლის 5 ივლისს ფიქსირდება.  ანტიდასავლური პროპაგანდა კი იუმორისტული პოსტების ე.წ  მიმების მეშვებეობით ხორციელდება. გვერდი რეკლამების აქტიურად განთავსებით გამოირჩევა, თუმცა რეკლამის დამკვეთის ვინაობა უცნობია. ეკატრენიე ჯანიაშვილის თქმით, აღნიშნულ გვერდზე სხვა ინფორმაცია არც მათთვისაა ცნობილი.

Რუსული პროპაგანდის განსაკუთრებულ სამიზნეს  სოციალურ ქსელებსა და სხვა საინფორმაციო სივრცეებში უკვე წლებია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები წარმოადგენენ. არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელისარნოლდ სტეფანიანის თქმით, რუსეთი დიდი ხანია ცდილობს ამ მეთოდით ქვეყნის შიდა პროცესებზე იმოქმედოს.

 

ანგარიშის მიხედვით, პრორუსული ქსელი სულ მცირე, 6 ფეისბუქ გვერდს, 4 ინსტაგრამ ანგარიშს, 3 ტელეგრამ არხს, 1 ტიკტოკ ანგარიშს და 2 ვებგვერდს აერთიანებს.

“სამართლიანი არჩვნების “ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, სომხური და აზერბაიჯანული აუდიტორიისთვისაც  ქსელი ადგილობრივ ენებზე გამიზნულად ავრცელებს პრორუსულ და ანტიდასავლურ გზავნილებს . ამისთვის სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმას,  არაავთენტურ ანგარიშებსა და რეკლამებს იყენებს.