წალკაში, ძაღლის მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავეს, – მას სამართალდამცველი უწყებები ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკი მოპყრობაში ედავებიან.
შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა, სადაც ჩანს თუ როგორ ესვრის პირი ძაღლს რამდენჯერმე, სანამ არ მოკვდება.
მიუსაფარი ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტები ჩვენს ქვეყანაში ხშირია. ამასთან მწვავეა თავშესაფრის გარეშე მცხოვრები პირუტყვის შეუსაბამო პირობებში ქუჩაში ცხოვრების პრობლემა, დასნებოვნება, სუსტი და იშვიათია პატრონის გარეშე მცხოვრები ძაღლების სტერილიზაცია – იმუნიზაციის პრაქტიკა.
ვის ევალება მიუსაფარი ძაღლების მოვლა-პატრონობა? რა კომპეტენცია გააჩნია თვითმმართველობას? რა შედის ვალდებულებებში და რას ამბობს კანონი? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას სტატიაში შევეცდებით.
ვის ევალება მიუსაფარი ძაღლების მოვლა-პატრონობა? რა კომპეტენცია გააჩნია თვითმმართველობას?
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ფუნქციებში შედის. “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” თანახმად, მუნიციპალიტეტს ევალება უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, თუმცა როგორც თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტი, კოტე კანდელაკი გვეუბნება, ამ მიმართულებით საქართველოში გამოწვევებია.
“მუნიციპალიტეტის ექსკლუზიური კომპეტენციაა ადგილობრივი თვითმმართველობის ამ საკითხის დარეგულირება და წესით ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა იყოს თანხა გამოყოფილი. თუმცა, ზოგ მუნიციპალიტეტში ინტერმუნიციპალური პროექტებია, რომლის მიხედვით ხდება ცხოველების გადაყვანა აცრა/სტერილიზაცია და ისევ უკან დაბრუნება. პრობლემები არის და თვალნათლივ ჩანს რომ ამ მიმართულებით დიდი გამოწვევებია, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. მხოლოდ სამედიცინო კუთხით არ უნდა შემოიფარგლებოდეს, რადგან არასაკმარისია და ცნობიერების ამაღლებისთვისაც უნდა იყოს გამოყოფილი თანხა,” – კოტე კანდელაკი.
წალკის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვის მუხლი ვერ ვიპოვეთ. დავინტერესდით აქვს თუ არა მუნიციპალიტეტს რაიმე პროგრამა მიუსაფარი ცხოველების დაცვისთვის ან მათი კასტრაცია-სტერილიზაციისთვის და რა ეტაპზეა გასულ წელს დაანონსებული რეგიონული ცხოველთა თავშესაფრის აშენების იდეა? თუმცა წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში უკვე მეორე დღეა ჩვენს კითხვებს არ პასუხობენ.
წალკის მერიაში არა, მაგრამ ჩვენს ზარებს უპასუხა რეგიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში, გოგი მეშველიანმა. როგორც მეშველიანი ჩვენთან საუბარში ამბობს, ყველა მუნიციპალიტეტს აქვს პროგრამა, რომლის საშუალებითაც ხდება ძაღლების გადაყვანა, მათთვის სტერილიზაციის ჩატარება და უკან დაბრუნება, თუმცა მისივე თქმით, რამდენად ეფექტურად მუშაობს ეს მექანიზმი “რთული შესაფასებელია და დაინტერესდება.”
რაც შეეხება მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარს. როგორც მეშველიანი გვეუბნება თანამედროვე სტანდარტებით, თავშესაფრის მოწყობა, თითოეულ მუნიციპალიტეტში მაღალ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომ გადაწყდა რეგიონული თავშესაფარი, თუმცა კონკრეტულად როდის ააშენებენ ამ ეტაპზე უცნობია.
მიუსაფარი ცხოველების დაცვაზე და მათთვის თავშესაფრის მოწყობაზე ჩვენი რედაქცია უკვე წლებია მუშაობს, ამასთან დაკავშირებით მომზადებული გვაქვს არაერთი მასალა როგორც წალკაში, ისე სამცხე-ჯავახეთში არსებული ვითარების შესახებ.
ქვემო ქართლში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის შექმნა იგეგმება
მედიასთან ერთად მიუსაფარი ცხოველების პრობლემებზე წლებია მუშაობენ სამოქალაქო სექტორშიც. მომზადდა ცხოველებისათვის ვითარების გაუმჯობესების მიზნით, არაერთი ინიციატივა. მათ შორის ჯერ კიდევ 2022 წელს, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ დაანონსა მუნიციპალური მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის აშენება, რაში მონაწილეობასაც წალკის მერიაც გეგმავდა, როგორც რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციაში გვეუბნებიან, მიმდინარეობს პროექტის მომზადება.