ზიკილიის მეჩეთის რეაბილიტაცია გადაიდო, როდემდე? – უცნობია

June 17, 2025

ახალციხის სოფელ ზიკილიაში, 1897 წელს, ადგილობრივი მუსლიმების მიერ აშენებული მეჩეთის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი შეწყდა. შესაბამისად უცნობია, როდის ჩაუტარდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე რელიგიურ შენობას რეაბილიტაცია, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. 

მეჩეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი 15 მაისს გამოცხადდა და სამუშაოებისთვის 700 000-ზე მეტი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა როგორც სატენდერო კომისიის ოქმში ვკითხულობთ, ტენდერის შეწყვეტის მიზეზი ძეგლის ვიზუალური გაუარესებაა. 

სააგენტოში მიუთითებენ, რომ პროექტის შედგენის (2024 წელი) შემდეგ შესწავლისას აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი კედელი დაზიანდა, რომელიც პროექტში გათვალისწინებული არ იყო, ამიტომაც ტენდერი შეწყდა და იგეგმება საპროექტო დოკუმენტის “დაზუსტება.”

როდის გამოაცხადებენ ტენდერს ხელახლა? – კულტურის სამინისტროში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. 

ეს არ არის ერთადერთი მეჩეთი, რომლებიც საქართველოში XVI – XVIII-საუკუნეებში ადგილობრივმა მუსლიმმა მესხებმა ააშენეს და ახლა დაზიანებული და დანგრევის პირასაა. 

მაგალითად, 2023 წლის აპრილის თვეში, ადიგენის სოფელ ხევაშენში არსებული მეჩეთის კედელი ჩამოიშალა. დაზიანებულია ახალციხის სოფელ საყუნეთში არსებული მეჩეთიც. 

იმ პერიოდში, ქართველი მუსლიმების მიერ აშენებული მეჩეთების ნაწილი დაანგრიეს, ნაწილი დაზიანებებმა დაანგრია, შემორჩენილი მეჩეთები კი დროთა განმავლობაში ხან კლუბის შენობის ხან სათივის და სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა. ახლა მეჩეთები უფუნქციოა. 

2012 წელს, სამცხე-ჯავახეთში არსებულ 19 მეჩეთს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

მოგონებებში შემორჩენილი ტრადიციები – მუსლიმი მესხები