თან წინასაარჩევნო შეხვედრა და თან, საკუთარი პოსტერებით გაფორმებული სპორტული მოედნის გახსნა – ახალქალაქი

October 1, 2025

თან წინასაარჩევნო შინაარსის შეხვედრა და თან, საკუთარი პოსტერებით გაფორმებული სპორტული მოედნის გახსნა – ეს აქტივობები ახალქალაქში, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა, მელქონ მაკარიანმა  გააერთიანა და ამსახველი ფოტო მასალა სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა. 

მელქონ მაკარიანის წინასაარჩევნო პოსტერები, ახალქალაქის სოფელ ზაკვში მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილი სპორტულ მოედანზე, კალათბურთის ფარზეა გაკრული. ის, რომ სპორტული მოედანი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა გვიდასტურებენ, ქალაქის მერიაში. 

საარჩევნო გარემოს საკითხების ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, საქმე სავარაუდო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან გვაქვს, რაც საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის 1-ლი პუნქტით შეზღუდულია.

ჩვენ გვინდოდა მერის, მელქონ მაკარიანისთვის გვეკითხა მისი მოსახლეობასთან შეხვედრის შინაარსის და ხალხისაგან მოსმენილი შეკითხვების შესახებ, ასევე მიიჩნევდა თუ არა ის წინასაარჩევნო აქტივობის და მერის მოვალებების გაერთიანებას კანონდარღვევად, თუმცა მაკარიანი ჩვენ ზარებს არ პასუხობს. 

საქართველოში მუნიციპალური არჩევნები, 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას, პროტესტის ნიშნად, არ იღებს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა. ცესკოს მონაცემებით, მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობისთვის 17-მა პარტიამ მიმართა.