ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო – NGO-ები

June 18, 2025

საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, ანტიკორუფციულმა ბიურომ, რუსული კანონების აღსრულება დაიწყო და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, ორგანიზაციებს სთხოვენ მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს, – ამის შესახებ განცხადებას 5 ორგანიზაციის ხელმძღვანელი ავრცელებს და ამბობენ, რომ უწყებიდან შეტყობინებები 17 მაისს მიუვიდათ.

მათი განცხადებით, არ აპირებენ პერსონალური მონაცემების გადაცემას, “თუნდაც ამას დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს.”

„17 ივნისს ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ ანტიკონსტიტუციური რუსული კანონების აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო. 

ისინი ჩვენგან, უფლებადამცველებისგან, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების – წამების მსხვერპლების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლების, პენსიონერების, შშმ პირების, მეწარმეების, მამხილებლების, ჟურნალისტების, დამკვირვებლების, უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას, კერძოდ, ყველა იმ ადამიანის პირადი ნომრების, სახელების, გვარების, ფოტოსურათების, ფინანსური და საბანკო ინფორმაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაციის გადაცემას, ვინც გვენდობოდა და ჩვენი დახმარებით უსარგებლია.

ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოყვეს. ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩაგრული ადამიანების ინფორმაციას რუსულ რეჟიმს არ გადავცემთ. ჩვენ მივმართავთ სამართლებრივ გზებს ამ ბრძანებების წინააღმდეგ. ჩვენთვის მათი მიზანი ცხადია – ივანიშვილი საქართველოში თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ცდილობს, ზუსტად ისე, როგორც ამას 1920-იან წლებში ბოლშევიკები, ბოლო დეკადაში კი – პუტინისა და ლუკაშენკას რეჟიმები აკეთებდნენ. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას, საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟისადმი შეგუებას და გავაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად,” – ნათქვამია განცხადებაში.

საუბარია “ქართული ოცნების FARA-ზე”, რომელიც 31 მაისს შევიდა ძალაში. მიუხედავად იმისა, რომ “ოცნების” წევრები ამტკიცებენ, კანონი ამერიკაში მოქმედის ანალოგია, სპეციალისტები მიუთითებენ, რომ საქართველოში მიღებული კანონი მიზანში სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს იღებს მზიანში და “ამერიკული FARA” დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება.

გარდა ამისა, კანონი შეეხება ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელიც უცხოეთიდან იღებს დაფინანსებას.