“ისეთი მტვერი დგება , ფაქტობრივად ვერ გაივლი,” – მეორე შახტის გზა

July 5, 2024

ვტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი – 577681889

ახალციხის ქალაქი ვალე, მეორე შახტის დასახლება – ავარიული და დანგრევის პირას მყოფი საცხოვრებელი კორპუსები, სარეაბილიტაციო სკოლა, კუსტარულად მოწყობილი სკოლის საპირფარეშო, დასახლება გაზის, სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემის გარეშე – პრობლემების ნაწილზე სიუჟეტი უკვე მომზადებული გვაქვს ნაწილზე – მოვამზადებთ, მაგრამ ამ სიუჟეტში გიყვებით დაზიანებულ გზაზე, რომელიც უნდა გაიაროთ, სანამ ამ დასახლებაში მოხვდებით. 

მეორე შახტთან მისასვლელი საავტომობილო გზის თითქმის კილომეტრიანი მონაკვეთი დაზიანებულია. ადგილობრივების თქმით, წვიმიან ამინდებში გზა ტალახდება და გუბეები დგება, მზიან ამინდებში კი – მტვერია. 

საკითხის შესახებ ინფორმაცია აქვთ ახალციხის მერიაში. მერის, ირაკლი ლაზარაშვილის თქმით, რამდენიმე დღეში დასრულდება საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის პროცედურები, ხოლო რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარე წელს დაიწყება, კონკრეტულად როდის დააგებენ გზას, ან რა თანხა დაიხარჯება ამისთვის უცნობია. 

გარდა დაზიანებული საავტომობილო გზისა, პირველ და მეორე შახტში დაზიანებულია 24 საცხოვრებელი კორპუსი, რომელთაგან ნაწილი დანგრევის პირასაა. აღნიშნულზე ჩვენ არაერთი სიუჟეტი მოგვიმზადებია, ბოლო ინფორმაციით, ავარიულ კორპუსში მცხოვრებლებს ალტერნატიულ ფართში გადაყვანას სთავაზობენ მანამ სანამ სახლებს შეაკეთებენ ან დაანგრევენ და ახალს ააშენებენ, თუმცა როდის დაიწყება ეს პროცესი ამ დრომდე უცნობია. 

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 3 მილიონამდეა გათვალისწინებული, მათ შორის გზების შეკეთებისთვის გეგმავენ 170 000 ლარის დახარჯვას, ხოლო ახალი გზების მშენებლობისთვის – 2 700 000-ზე მეტის.