„ინტერნეტი არ არის, გვიწევს მობილურიდან გაზიარება. არ გვაქვს კომპიუტერი, ტელეფონს ვიყენებთ. ხშირად ჭედავს და გვიწევს მასწავლებელთან განმეორებით რეკვა. იყვნენ კლასში ფრიადოსნები, რომლებიც ახლა ვერ სწავლობენ, ინტერნეტის არ ქონის გამო,“– მზია შაინიძე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლატეში ცხოვრობს. მისი V კლასელი შვილი დისტანციურ სწავლებაზეა გადასული. გვიყვება, რომ განათლების მიღება განსაკუთრებით გაჭირდა. სოფელში არ არის ინტერნეტი და ოჯახების ნაწილს არ აქვს კომპიუტერი.
ინტერნეტთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს მეთორმეტე კლასის მოსწავლე, ლინდა საგინაძე. იგი მაღალმთიან სოფელში ცხოვრობს და ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ინტერნეტთან წვდომა ბევრ მოსწავლეს არ აქვს.
„ჩემთვის დისტანციური სწავლება მოსახერხებელია, თუმცა ჩემს უკან არიან ახალგაზრდები, რომლებისთვისაც ინტერნეტთან წვდომა დაბრკოლებას წარმოადგენს, რადგან ბევრ სოფელში და მათ შორის ჩემს სოფელშიც არ არის ინტერნეტი და გვიწევს მობილური ინტერნეტი მოვიხმაროთ,“ – ამბობს ლინდა.
მისივე თქმით, ონლაინ სწავლება არ არის საუკეთესო გზა განათლების მისაღებად, მაგრამ ამ ვითარებაში ალტერნატიურ ხედვას ვერ ხედავს.
მაღალმთიანი რაიონის, სოფელ გორელოვკას III საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე სუდაძე გვეუბნება, რომ დისტანციური სწავლების პროცესი დღითიდღე იხვეწება, თუმცა აღნიშნავს, რომ ტექნიკური საგნების სწავლება ზოგისთვის კვლავაც ძნელია.
„ადრე უფრო დიდი პრობლემა იყო სწავლება, რადგან მოსწავლეები და მშობლები არ იყვნენ გარკვეული ინტერნეტის მოხმარებაში. ახლა შედარებით გამოსწორდა მდგომარეობა. ყველა იმ მეთოდით ასწავლის, როგორსაც მოარგებს მოსწავლეებს, არსებობს სპეციალური საიტები. მე პირადად მესენჯერის საშუალებით ვუტარებ ბავშვებს გაკვეთილებს, თუმცა ტექნიკური საგნების დისტანციურად სწავლება ძნელია.“
მისივე თქმით, რთულია შედეგის პროგნოზირება.
დისტანციური სწავლების ხარისხი ბუნდოვანია დაბა ადიგენის რესურსცენტრის უფროსის, ინგა ბოჭორიშვილისთვისაც.
„მასწავლებელი აკეთებენ ჯგუფებს, სადაც გაწევრიანებულია მოსწავლეები. გაკვეთილების ხარისხი ნამდვილად არ ვიცი როგორია, მე უკმაყოფილო არავინ დამკავშირებია. სწავლისთვის მოსახერხებელია ტელესკოლებიც, რომლებიც ყველასთვის ხელმისწავდომია,“ – ჩვენთან საუბრისას განმარტავს ბოჭორიშვილი.
რესურსცენტრის უფროსის თქმით, ოჯახში ერთს მაინც აქვს ტელეფონი და შეუძლია მოსწავლე გაკვეთილის პროცესში ჩაერთოს.
რა ზომების ატარებს განათლების სამინისტრო დისტანციური სწავლებისას აღმოჩენილ ხარვეზების აღმოსაფხვრელად? ამის შესახებ ჩვენ განათლების სამინისტროს დავუკავშირდით. უწყებაში გვეუბნებიან, რომ დისტანციური სწავლების კუთხით საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია.
„დისტანციური სწავლება არ ნიშნავს მხოლოდ ინტერნეტ სწავლებას, ასევე ჩვენ გვაქვს შემუშავებული ტელესკოლები, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მოსწავლე რომელსაც არ აქვს ინტერნეტთან წვდომა მასწავლებელს აქვს ვალდებულება დაუკავშირდეს ტელეფონზე და ისე მისცეს დავალება. OECD-ის კველევების მიხედვით, საქართველო დისტანციური სწავლების კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია,“ – განმარტავენ უწყებაში.
მიუხედავად რესპოდენტების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა GNCC-ს რუკაზე სოფელი ზარზმა და ფლატე ინტერნეტ დაფარვის ზონად არის აღნიშნული. ხოლო სოფელ გორელოვკაში ინტერნეტ დაფარვა არც რუკის მიხედვით ფიქსირდება.
16 მარტიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე COVID-19-ის პრევენციისთვის სკოლები და უნივერსიტეტები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.