ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სამცხეში ანტონ ობოლაშვილის შეხვედრებს ამავე პარტიის მიერ წარდგენილი საოლქო კომისიის წევრი, ნაირა სამსონიძე ესწრება. ფაქტი სამართლიანი არჩევნების ანგარიშში მოხვდა
“როცა ანტონ ობოლაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას ხვდებოდა, ასევე იმყოფებოდა ახალციხის საოლქო კომისიის წევრი ნაირა სამსონიძე, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ არის დანიშნული. შეხვედრაზე მისი დასწრების ფოტო მასალა თავად ანტონ ობოლაშივლის ფეისბუქ გვერდზეც აიტვირთა, თუმცა მალევე წაშალეს,” – წერია ანგარიშში.
ჩვენ ანტონ ობოლაშვილს დავუკავშირდით, მან გვითხრა, რომ ნაირა სამსონიძე არცერთ შეხვედრაზე არ დაუნახავს.
“როცა პირველად გამოჩნდა იგი ჩვენს შეხვედრაზე შტაბში ვესაუბრე, რომ არც კომისიის წევრი და არც საჯარო მოხელე არ მოსულიყო შეხვედრაზე. 26 სექტემბერს, სოფელ წირაში გამართულ შეხვედრაზე მე არ დამინახავს რომ დამენახა ვეტყოდი სახლში წადი – თქო,” – გვითხრა ობოლაშვილმა.
თავად ნაირა სამსონიძემ კითხვის დასმის შემდეგ გვითხრა, რომ არ ეცალა და ტელეფონი გათიშა.
სამართლიანი არჩევნების რეგიონული ხელმძღვანელი, ნინო ბიბილეიშვილი გვეუბნება, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს კატეგორიულად ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება.
“საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის შეხვედრებზე დასწრება სრულად დაუშვებელია. ეს კანონდარღვევაა. კომისიის წევრები აუცილებლად უნდა იცავდნენ ნეიტრალიტეტს და არ უნდა ჩაერთონ წინასაარჩევნო აგიტაციაში.”