ასე გამოიყურებოდა ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, ხიდთან არსებული გზა გასული წლის 23 მარტს. შემდეგ ახალციხის მერიამ გზა შეაკეთა, შემდეგ კვლავ დაზიანდა და ახლა ასე გამოიყურება.
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ ახალციხეში, შიდა გზების შეკეთება თითქმის ყოველწლიურად ხდება, გზები კვლავაც დაზიანებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს.
კადრებში ახლა თქვენ დიდიმამიშვილის ქუჩაზე არსებულ საავტომობილო გზას ხედავთ. ზემოთხსენებული ქუჩის მსგავსად, გასულ წელს მერიამ გზა აქაც შეაკეთა, თუმცა შარშანდელისგან წლევანდელი მდგომარეობა დიდად განსხვავებული არ არის.
საავტომობილო გზა დაზიანებული რაბათის უბნის შესასვლელში და რუსთაველის ქუჩის რამდენიმე მონაკვეთზეც.
რა გეგმა აქვს ახალციხის მერიას? – უწყებაში გვეუბნებიან, რომ გზები რომლებიც დაზიანებულია და მუნიციპალიტეტს ეკუთვნის შეკეთდება. ასევე, გვეუბნებიან რომ, იგეგმება საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკუთრებაში არსებული გზების შეკეთება, თუმცა კონკრეტული ვადები და სავარაუდო ბიუჯეტი ჩვენთვის უცნობია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
რა მიზეზით დაზიანდა საავტომობილო გზები, რა თანხა დაიხარჯა ბოლო სამი წლის განმავლობაში მათი შეკეთებისთვის, როდის ჩაუტარდა ზემოთხსენებულ საავტომობილო გზებს კაპიტალური რეაბილიტაცია, რომელმა კომპანიამ შეასრულა სამუშაოები და რა წერია ხელშეკრულების პირობებში გზების დაზიანების შემთხვევაში პასუხისმგებელ პირებთან დაკავშირებით? – ახალციხის მერიიდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ.
რა წერია ახალციხის მერიის 2024 წლის ბიუჯეტში, საავტომობილო გზების შეკეთებასთან დაკავშირებით? – მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, გზების მიმდინარე შეკეთებისთვის 170 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო ახალი გზების მშენებლობისთვის 2 800 000-მდე ლარი.
ახალციხეში დაზიანებული საავტომობილო გზების შესახებ ჩვენი რედაქცია უკვე წლებია მუშაობს, მათ შორის ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტის შემდეგ რამდენიმე გზაზე ასფალტი დააგეს, რამდენიმე – შეაკეთეს. მათ შორისაა ტაბიძის ქუჩაზე არსებული საავტომობილო გზა, რომლის რეაბილიტაციის შესახებ ჩვენ 2020 წლიდან ვწერთ, 2023 წლის ბოლოს კი გზა დააგეს, – აღნიშნულ თემაზე ვრცელ სიუჟეტს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.