კიდევ ერთი ტენდერი აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსისთვის – ახალციხე

September 2, 2022


თითქმის ორი წლის წინ, ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ახალციხის მერიამ კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა. 29 აგვისტოს გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვის მიხედვით, იგეგმება წყლის სისტემის მოწყობა, რომლისთვისაც 8 ათას ლარამდე თანხაა გათვალისწინებული.

დოკუმენტის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 კვირის ვადაში უნდა შეასრულოს.

როდის შეძლებენ მცხოვრებლები კორპუსში შესვლას? ჩვენი რედაქცია ახალციხის მერიისგან პასუხის მიღებას ელოდება.

  შეგახსენებთ, რომ კორპუსის რეაბილიტაციისთვის ახალციხის მერიამ თავდაპირველად ტენდერი 116 ათას ლარამდე თანხაზე გამოაცხადა, თუმცა ის რამდენჯერმე არ შედგა. საბოლოოდ ტენდერით კომპანია «ნიუ პროჯექტი» შეირჩა. 

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მერიის დაკვეთაში ცვლილება ორჯერ შევიდა და დამატებით კიდევ ერთი ტენდერი გამოცხადდა. როგორც მერიაში განმარტავენ ცვლილებების საჭიროება კორპუსის სარდაფში, ნანგრევებისგან გაწმენდის შემდეგ აღმოჩენილმა საკორექციო სამუშაოებმა გამოიწვია.  

კორპუსში მომხდარი აფეთქების საქმეზე დავა ახალციხის რაიონულ სასამართლოში ახლაც მიმდინარეობს. პროკურატურა კომპანია ინტერ გაზის  დირექტორს სსკ 240 პრიმა მუხლის  მე-2 ნაწილით  ედავება, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს,  რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. ჩვენ დავუკავშრდით კომპანიის დირექტორს ვასილ აბულაძესაც. ის გვეუბნება, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და კომპოანიის მხრიდან გადაცდომა დაშვებული არ არის.