კობახიძე ამბობს, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ეუთო/ოდირის დამკვირვებლებს არ მოიწვევენ

June 18, 2025

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ადასტურებს, ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად “ოცნება” ეუთო/ოდირს არ იწვევს, – ამის შესახებ განცხადება კობახიძემ დღეს მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

კობახიძის მტკიცებით, ადგილობრივ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის “მოწვევის პრაქტიკა ზოგადად არ არის და მათ საპარლამენტო არჩევნებზე იწვევენ.”

ეუთო/ოდირი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებოდა, ამას კობახიძემ “გადახვევა” და “გამონაკლისი” უწოდა და თქვა, რომ იმდროინდელი არჩევნები დაკავშირებული იყო საპარლამენტო არჩევნებთან.

“შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში, ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად ჯანსაღი ფორმით,” – განაცხადა კობახიძემ. 

ეუთო/ოდირი, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებოდა, 2006, 2017, და 2021 წლებში, მათ გარეშე 2014 წლის არჩევნები ჩატარდა.