კულტურული მრავალფეროვნება და დეზინფორმაცია – მისტიურ ჯავახეთში, სოფელ გორელოვკაში, დუხობორების სამლოცველოს ეზოში შეკრებილებს ვესაუბრეთ
ვნახოთ სიუჟეტი
ტექსტი:
მისტიკური ჯავახეთი, მაღალმთიანი რეგიონი საქართველოს სამხრეთში, უნიკალური ბუნებით, ისტორიით და მისი სტრატეგიული მნიშვნელობით.
აქ ერთდროულად შეგიძლიათ ტბებზე დააკვირდეთ ფრინველების გადაფრენას, ნინოწმინდის ქუჩებში, თითქმის ყველა სადენის გადამყვან ბოძზე ყარყატების ბუდეებს, მოისმინოთ არაერთი ლეგენდა თუ ისტორია, მათ შორის ქრისტიანული და მანამდელი პერიოდის.
თუმცა მითები და რეალობას დაშორებული ინფორმაცია დღეს უკვე მოვლენების ეგზოტიზაციას სცდება და ჯავახეთს, სხვადასხვა მიზეზთა გამო, დეზინფორმაციის აქტიურ სამიზნედ აქცევს.
სწორედ ამ მიზეზით, ჩვენ ჯავახეთის ერთ-ერთ გამორჩეულ სოფელს გორელოვკას ვეწვიეთ. სოფელში ერთად ცხოვრობენ ეთნიკურად სომხები და ქართველები, მათთან ერთად კი, მე-19-ე საუკუნეში რუსეთიდან დევნას გამოქცეული, დუხობორებიც.
კულტურული განსხვავებულობა და მრავალფეროვნება, ტოლერანტობა და თანაცხოვრების ტრადიცია ამ მხარეში ბევრ წელს ითვლის, თუმცა ასევე ბევრი წელია ეთნიკური ნიშნით განსხვავებულობა გარე თუ შიდა აქტორების მიერ დაყოფისა და შუღლის გაღვივებისათვის მანიპულაციურად გამოიყენება.
ამავე კონტექსტში ხშირია ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ევროგაერთიანების დისკრედიტაციის მცდელობაც.
რეალურად როგორ არის დაცული ქვეყნის იდენტობა და მახასიათებლები ევროკავშირში? რას ნიშნავს ევროკავშირის სლოგანი “ერთიანობა მრავალფეროვნებაში” ? აქტივისტი და მასწავლებელი თამარ გორგაძე, მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე და დეზინფორმაციაზე სიმბოლურად დუხობორების სალოცავში ესაუბრა
სალოცავში შეკრებილები გვეუბნებიან, რომ მსგავსი შეხვედრა ამ სოფელში იშვიათია, ამბობენ, რომ მათთან მხოლოდ წინასაარჩევნოდ მოდიან, მაშინ როდესაც პოლიტიკურ სუბიექტებს მათი ხმების მოპოვება დასჭირდებათ.
შეხვედრა TOK TV-მ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით გამართა. ჩვენ უკვე ვესტუმრეთ სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში რამდენიმე სოფელს, თუკი მსგავსი თემები თქვენთვისაც საინტერესოა მოგვწერეთ ჩვენ facebook ან tik-tok გვერდზე.