ადგილობრივი არჩევნები, მოქალაქეთა დაბალი აქტივობის, კანდიდატების ნაკლებობის და საპროტესტო აქციების ფონზე წარიმართა.
ახალციხის მუნიციპალიტეტში, რეგისტრირებული ამომრჩევლებიდან თითქმის ნახევარი საარჩევნო უბანზე არ გამოცხადდა, დანარჩენების ნაწილმა კი ხმა ერთადერთ კანდიდატს, ვარლამ წიკლაურს მისცა, რომელიც “ქართულ ოცნებას” წარმოადგენდა.
მიუხედავად იმისა, რომ არც კონკურენტი ჰყავდა, გასულ მუნიციპალურ არჩევნებთან შედარებით დაბალი აქტივობაც იყო, ვარლამ წიკლაურმა ამომრჩევლებს მაინც “უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის” გადაუხადა მადლობა.
ცესკოს მონაცემებით, ახალციხის საარჩევნო უბნებზე, რეგისტრირებული ამომრჩევლების 52 % გამოცხადდა (17 611) რომელთაგან წიკლაურს მხარი 15 788 -მა დაუჭირა. ჯამში არჩევნებისთვის, წელს 33 500-ზე მეტი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.
რაც შეეხება 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებს, ცესკოს მონაცემებით, ახალციხეში 20 300-მდე ამომრჩეველი მივიდა.
რას გულისხმობს წიკლაური “უპრეცედენტო მხარდაჭერაში”? – წიკლაური გვპასუხობს:
“უპრეცედენტო მხარდაჭერა არის ის, რომ 15 800 ამომრჩეველი დაგიჭერს მხარს, ის რაოდენობა მოსახლეობის, რომელიც მოვიდა და “ქართულ ოცნებას” გამოუცხადა ნდობა და ჩვენი პარტიის მიმართ ამხელა მხარდაჭერა და ნდობა, რაც ჩვენ მივიღეთ მთლიანად სამცხე-ჯავახეთში. რაც შეეხება კანდიდატს. შეეძლოთ დაეყენებინათ თუ ჰქონდათ ამისი შესაძლებლობა და რესურსი იმ რადიკალურ ოპოზიციას კანდიდატი და აუცილებლად ნახავდნენ რა შედეგითაც დასრულდებოდა ეს არჩევნები.”
ცესკოს მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში ყველა საარჩევნო უბანი დათვალეს და ყველა მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილმა მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გარდა, სამცხე-ჯავახეთის დანარჩენ 5 მუნიციპალიტეტში ქართული ოცნების კანდიდატებს კონკურენტი არც ჰყოლია. კონკურენტი არც ვარლამ წიკლაურს ჰყოლია ახალციხეში, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის რომ ბოლო წლების ყველა არჩევნებისათვის დამახასიათებელი სიებით შეიარაღებული ადამიანები გვენახა საარჩევნო უბნების წინ.
არჩევნების დღეს ჩვენმა კამერამ ასევე დააფიქსირა სხვა მნიშვნელოვანი გარემოებებიც, მაგალითად მერიის ა(ა)იპის თანამშრომელი რომელიც ერთი დღით არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლად მუშაობდა და ამომრჩევლის კაბინაში პროცედურის დარღვევით აღმოჩენილი ერთდროულად ორი ადამიანი.
წლევანდელ არჩევნებს, ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტთან ერთად გამოარჩევდა ისიც, რომ პროცესს არ აკვირდებოდა არც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია და არც ქართული ორგანიზაციები, ისეთი როგორიცაა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “სამართლიანი არჩევნები”.
ადგილობრივი არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართა, პროცესის პარალელურად თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.