მარწყვის ჩურჩხელა, შოკოლადის ნაძვის ხე და შოკოლადის სიგარა- ვისთვის ყიდულობს დმანისის მერია საახალწლო საჩუქრებს?

December 19, 2024

ძვირადღირებული სასაჩუქრე ნაკრების ადრესატებს არ გვიმხელენ

დმანისის მერია საახალწლოდ 20 ათას ლარზე მეტი ღირებულების სასაჩუქრე ნაკრებებს ყიდულობს. მათ შორისაა 550 საახალწლო სასაჩუქრე ქისა ბავშვებისთვის, 50 სასაჩუქრე კალათა და 24 ბრენდირებული სასაჩუქრე ნაკრები. თუმცა, დმანისის მუნიციპალიტეტი არ ამხელს ზუსტად ვის ერგება საახალწლო ნუგბარი.

ყველაზე ძვირს დმანისის მერია სავსე სასაჩუქრე ყუთში იხდის, ერთ ცალში 185 ლარს, ჯამში კი 24 ასეთ სასაჩუქრე ყუთს ყიდულობს.

თითოეულ სასაჩუქრე ყუთში შედის ღვინო, ჟოლოს ჯემი, თაფლი, შოკოლადის სიგარა, კაკლის გოზინაყის ბურთები, შოკოლადის ნაძვის ხე ნუგბარით, მარწყვის ჩურჩხელა 2 ცალი და შოკოლადის მონეტები ქისით. ეს ყველაფერი გობელენით და ნაძვით, ან მსგავსით გაფორმებულ ყუთში იქნება. 1 ცარიელი ბრენდირებული ყუთის ღირებულება 31 ლარია. ნაკრებში შემავალი ერთი ცალი 320 გრამიანი შოკოლადის ნაძვის ღირებულება 38 ლარს შეადგენს, ერთი ცალი ას გრამიანი კაკლის გოზინაყი კი 24,7 ლარი ღირს.

დმანისის მერია ადგილობივი ბიუჯეტიდან ყიდულობს 50 ცალ სასაჩუქრე კალათას, 1 ცალს 152 ლარად. კალათაში მოთავსებულ სასაჩუქრე ნაკრებში შედის ორნაირი ღვინო ჯამში 2 ბოთლში 33.5 ლარს იხდის, კომპოტში 5.2 ლარს, კალათში ასევე არის ჩირი, ტკბილეული, შოკოლადი, მარმელადი, ჯემი, ჩურჩხელა და თაფლი, ყველაზე დიდ თანხას მუნიციპალიტეტი შესაფუთ კალათში იხდის 1 ცალში 37 ლარს.

ყველაზე მცირე თანხას მუნიციპალიტეტი საბავშვო ტკბილეულის ქისაში იხდის, 1 ცალში დაახლოებით 15 ლარს. ასეთს 550 ცალ ქისას ყიდულობს და მასში შედის დათუნიას ფორმის ბისკვიტი,სენდვიჩის სტილის ორცხობილა, საბავშვო შოკოლადი რძით, ჯოხიანი კანფეტი, შოკოლადის კვერცხი სიურპრიზით, შოკოლადი არაქისით და სხვა.

თუ ვისთვისაა ძვირადღირებული სასაჩუქრე კალათა და ყუთი ამის გასაგებად დმანისის მუნიციპალიტეტის პრესამსახურს დავუკავშირდით. კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. თავდაპირველად დმანისის მერია 20 ბრენდირებული ყუთის შეძენას გეგმავდა, თუმცა დამატებით, ოთხი განსხვავებული კალათის დამატებით შეძენა გახდა საჭირო, რომელიც დოკუმენტის თანახმად, გადაეცემა მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ღვაწლმოსილ მოქალაქეებს/ ორგანიზაციებს, კონკრეტულად ვის მერიის პრესსამსახურში ვერ დაგვიზუსტეს და წერილის გაგზავნა მოგვთხოვეს. პასუხი ჯერ არ მიგვიღია. მასალას შესაბამისად განვაახლებთ.

ფოტო სტატიის შესაბამისად, გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ.

Tags: