უეფას გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრები უეფას მიერ გამართულ ერთ მატჩს მაყურებლის გარეშე ჩაატარებს. ხოლო, ფეხბურთის ფედერაცია 40 000 ევროთი დაჯარიმდა. მიზეზი – საქართველო-სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ, მოედანზე მომხდარი ინციდენტია, – ინფორმაციას “საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია” ავრცელებს.
23 მარტს, ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩის დასრულების შემდეგ, “დინამო არენას” სტადიონზე გულშემატკივრების ნაწილი შეიჭრა, ხოლო ტრიბუნებზე ქართველები სომეხ გულშემატკივრებს დაუპირისპირდნენ, ისმოდა შეურაცხმყოფელი სიტყვები და იყო ფიზიკური ძალადობა.
მომხდარიდან მეორე დღესვე, UEFA-მ ჩვენს რედაქციას ექსკლუზიურად მიაწოდა ინფორმაცია, რომ მატჩების მასალებს სწავლობდა.
ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დისკვალიფიკაცია ერთა ლიგის ახალი, 2026/2027 წლების სეზონის პირველ საშინაო მატჩზე გავრცელდება. ხოლო, სასჯელი არ ეხება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებსა და ფიფას საერთაშორისო ამხანაგურ თამაშებს.
“უეფას გადაწყვეტილებით, გულშემატკივართა მხრიდან მოედანზე შევარდნის, ლაზერული სანათებისა და პიროტექნიკის გამოყენებისთვის, აგრეთვე გასასვლელების ბლოკირებისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს.
უეფას გადაწყვეტილება ასევე მოიცავს ორწლიან გამოსაცდელ ვადას. ორი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევების განმეორების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს კვლავ უმაყურებლოდ ითამაშებს,” – ნათქვამია განცხადებაში.
რა მოხდა 23 მარტს “დინამო არენაზე”? – ნახეთ ჩვენს მიერ მომზადებული მასალა: სტუმართ-მასპინძლობა დინამოზე – დაპირისპირებაში გადასული ქომაგობა