რა გახდა მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზი? – გარდაცვლილი მედდის საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა დაახლოებით ერთი თვეა ცნობილია, თუმცა ადვოკატების თქმით, ამის შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ინფორმაცია ჩვენ მივაწოდეთ, – ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი გვიდასტურებს.
დღეს ადვოკატები და გარდაცვლილის მეუღლე პროკურატურაში იმყოფებოდნენ. როგორც ადვოკატი, ვახტანგ ბარამაშვილი გვეუბნება, დასკვნის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი ანაფილაქსიური შოკია, ის რასაც ისინი აქამდე ვარაუდობდნენ, თუმცა ჯერ-ჯერობით მათთვის ცნობილი არ არის რამ გამოიწვია შოკი და მოხდა თუ არა მისი დროულად მართვა, რადგან პროკურატურას მათთვის დასკვნა არ გადაუცია.
ადვოკატის თქმით, დასკვნას სავარაუდოდ მომდევნო კვირაში მიიღებენ.
რაც შეეხება გარდაცვლილის მეუღლეს, იგი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ შესაძლოა დასკვნას მალავენ და მოლოდინი არ აქვს, რომ მასში არსებული ინფორმაცია რეალური იქნება.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, ჩვენ წყაროებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ 2021 წელს, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიღებიდან მეორე დღეს გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის საქმეზე სამხარაულის დასკვნა მზად იყო.