ახალციხეში გარდაცვლილი მედდის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ირწმუნება, რომ კლინიკის მენეჯმენტიდან მუქარებს იღებს. კლინიკა “იმედიდან” გათავისუფლებული ექიმი, ვიოლეტა ინასარიძე ამბობს, რომ მას დაწესებულების გენერალური დირექტორი დაემუქრა.
მისი თქმით, კლინიკის ხელმძღვანელი ჯერ დაემუქრა, შემდეგ კი და სარჩელის გატანის სანაცვლოდ, სამსახურში დაბრუნება და 5000 ლარიანი ხელფასის დანიშვნა შესთავაზა, – ამის შესახებ ინასარიძემ გუშინ გამართულ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
ექიმის ადვოკატის, ბონდო ვათიაშვილის თქმით, ისინი გეგმავენ სამართალდამცავ უწყებას მიმართონ, რათა მუქარის მუხლით გამოძიება დაიწყონ. “ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ კლინიკის დირექტორისგან რამდენჯერმე დაფიქსირდა მუქარის შემცველი ფაქტები. გუშინ გვქონდა კონსულტაცია და ვგეგმავთ საჩივრის დაწერას,” – გვეუბნება ადვოკატი.
ჩვენ ასევე გვინდოდა შემოგვეთავაზებინა საკუთრივ ვიოლეტა ინასარიძეს პოზიციაც, თუმცა მან თავის ადვოკატებთან გადაგვამისამართა.
მუქარას და შემდგომ სამსახურში აღდგენის შეთავაზებას კატეგორიულად უარყოფს კლინიკის დირექტორი, დავით მაისურაძე, “თუ ასეთი კარგი შეთავაზება მქონდა და 5 000 ლარი ხელფასი შევთავაზე რა არ მოეწონა? ეს სიტყვები მის სიცრუეს ადასტურებს.”
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მედდის, მეგი ბაქრაძის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, ვიოლეტა ინასარიძე, ახალციხის კლინიკა „იმედიდან“ 2021 წლის 30 ივნისს გაათავისუფლეს, მასთან ერთად გაათავისუფლეს ექიმი–რენიმატოლოგი, გიორგი აფციაურიც.
ვიოლეტა ინასარიძე სამსახურში აღდგენას და განაცდური საათების ანაზღაურებას სასამართლოს მექანიზმით ითხოვს.