მეორე დღეა ეძებენ 13 წლის გოგოს, რომელიც კახეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა და “რადიო თავისუფლების” ცნობით, მას სკოლაში 45 დღის განმავლობაში არ უვლია. არსებული ინფორმაციით, იგი სავარაუდოდ 16 წლის ბიჭმა მოიტაცა.
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, გუშინ გოგოს ოჯახის წევრები და სავარაუდო გამტაცებლის, 16 წლის ბიჭის ოჯახის წევრებიც გამოკითხეს. როგორც ისინი ჟურნალისტებთან საუბრობენ, მათთვის უცნობია თუ სად შეიძლება იმყოფებოდეს მისი შვილი.
როგორც იმ სკოლის დირექტორი, სადაც 13 წლის, მე-7 კლასელი გოგო სწავლობდა “რადიო თავისუფლებას” ეუბნება, ბავშვი 45 დღის განმავლობაში სკოლას აცდენდა. ხოლო, სავარაუდო გამტაცებელმა, 16 წლის ბიჭმა სწავლა მე-9 კლასიდან შეწყვიტა.
“სახლში რამდენჯერმე მივაკითხეთ, მაგრამ კარი დაკეტილი დაგვხვდა. შემდეგ მეზობლებმა გვითხრეს, რომ საცხოვრებლად თბილისში გადავიდნენო. ეს ამბავი შევატყობინეთ სოციალურ სამსახურსაც.“
სახელმწიფო ზრუნვის სამსახურში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
რას უნდა აკეთებდეს საგანმანათლებლო სისტემა მაშინ, როდესაც მოსწავლე 45 დღის განმავლობაში სკოლაში არ ცხადდება: ასეთ შემთხვევაში, კლასის დამრიგებელმა, დირექტორმა, მანდატურის სამსახურმა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სამსახურს უნდა მიაწოდოს. იგივე ვალდებულება აქვს ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრს.
ამის შემდეგ იწყება საკითხის შესწავლა. შესაძლოა, საქმეში ჩაერთოს სოციალური მუშაკიც. გადამოწმდება სწავლის შეწყვეტის მიზეზები და დაიგეგმება შესაბამისი საპასუხო მოქმედებები.
პროცედურა მოცემულია კანონში “ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე”, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 12 სექტემბერს მიიღო.