ადიგენის სოფელ არალთან მომხდარი ავარიის დროს დაკავებულის სასამართლო პროცესი გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე, ავარიის დროს მიკროავტობუსში მყოფი ერთ-ერთი არასრულწლოვანის მშობელმა, შვილის მონათხრობზე დაყრდნობით თქვა, რომ მიკროავტობუსის მძღოლი ავარიის დროს მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა.
ეს უკვე მეორე მოწმეა, რომელიც მიკროავტობუსის მძღოლის სიჩქარეზე აკეთებს აქცენტს.
“ავარიის დროს Tik-Tok-ს სქროლავდა და სწრაფად დადიოდა,” – არალთან მომხდარი ავარიის საქმე
საქმე ეხება გასული წლის 8 სექტემბერს მომხდარ ავარიას, რა დროსაც მიკროავტობუსი და სატვირთო ერთმანეთს შეეჯახა, შედეგად კი – ერთი არასრულწლოვანი დაიღუპა.
“ჩემმა შვილმა მითხრა, რომ მძღოლი დადიოდა ძალიან სწრაფად. ბავშვმა პოლიციაში გამოკითხვისას თქვა, რომ მძღოლი სწრაფად არ დადიოდა. თუმცა, ამ ბოლო დროს მითხრა, ეტაპობრივად გაახსენდა ყველაფერი. უნდა დაისაჯოს დამნაშავე, რადგან ამდენი ბავშვის სიცოცხლე ებარა და უნდა ყოფილიყო ყურადღებით. როგორც ჩემმა შვილმა მომიყვა, ავარიამდე ბავშვები, მათ შორის გარდაცვლილი, საუბრობდნენ, რომ მძღოლი ძალიან სწრაფად დადისო და დაგვამტვრევს ერთ დღესო,” – ამბობს გამოკითხული.
მშობელმა ასევე განმარტა, რომ ბავშვები გამოკითხვის დროს იყვნენ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში და გამოკითხვის დროს ფსიქოლოგი არ მონაწილეობდა.
“არასამართლიანი იყო იმ მდგომარეობაში ბავშვების დაკითხვა, რადგან რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყვნენ და ფსიქოლოგის გარეშე დაიკითხნენ.”
დღეს, სხდომაზე მიკროავტობუსში მყოფი 2 არასრულწლოვნის მშობელი, მიმდებარედ ბენზინგასამართი სადგურის ბუღალტერი და სასწრაფოს მორიგე ექიმი გამოკითხეს.
კიდევ ერთ გამოკითხულ მშობელს დაცვის მხარის ადვოკატმა, კახა ლეკიშვილმა შეკითხვა დაუსვა, ახსოვდა თუ არა ავტომობილზე რაიმე სახის მიმანიშნებელი აბრა, რომელიც მიკროავტობუსში ბავშვების ყოფნას იტყობინებოდა?
– არა – უპასუხა მოწმემ
– რომ ყოფილიყო შენიშნავდით?
– ალბათ კი.
ამ კითხვის დასმის შემდეგ პროკურორმა მოწმეს ჰკითხა: უშვებდა თუ არა შესაძლებლობას, რომ მიკროავტობუსს ბანერი ჰქონდა, თუმცა მან ვერ შეამჩნია?
ამაზე მოწმემ უპასუხა, რომ გამორიცხული არაფერია.
მომდევნო სხდომა 1-ელ აპრილს გაიმართება, სადაც მხარეების განცხადებით, საქმის მთავარ ექსპერტებს დაკითხავენ.
შემთხვევა 2025 წლის 8 სექტემბერს მოხდა, ავარიის გამო სატვირთოს მძღოლი დააკავეს, თუმცა გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მიკროავტობუსის მძღოლიც უდნა დაისაჯოს. მიკროავტობუსის მძღოლი ჩვენს რედაქციასთან ბრალდებას უარყოფს, არგუმენტად ვიდეო ჩანაწერი მოჰყავს და ამბობს, რომ იგი მთავარ გზაზე მოძრაობდა და პრიორიტეტი მის მანქანას ენიჭებოდა.
ამავე თემაზე: არალთან მომხდარი ავარიის საქმე: სასამართლო სხდომა გადაიდო
დაკავებულია სატვირთოს მძღოლი, რომელიც მიკროავტობუსს შეეჯახა და არასრულწლოვანის დაღუპვა გამოიწვია