სოფელ დიდ ხანჩალთან ხელოვნურმა ტბამ მკვდარი თევზი გამორიყა- ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.
მომხდარის მიზეზების შესახებ ჩვენ ადგილობრივ თვითმმართველობას დავუკავშირდით, თუმცა როგორც აღმოჩნდა ფაქტის შესახებ იქ არაფერი იცოდნენ. მეტიც, მიუხედავად იმისა რომ მედიამ ფაქტის ნათქვამის დასტურად ფოტო და ვიდეო მასალაც გაავრცელა, ადგილობრივ მერიას მისი დაჯერება უჭირს. მას შემდეგ რაც მერს, ანივარდ მოსოიანს ჩვენ ვესაუბრეთ, მისი თქმით, “მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა ადგილის შემოწმება, მაგრამ იქ დახოცილი თევზი არ აღმოჩნდა”.
“ვიყავით მისული და შევისწავლეთ ადგილი, იქ არანაირი სახის მკვდარი თევზი არ ყოფილა. ეს ტბა არის ძალიან ძველი და ადრე სოფლები სარწყავად გამოიყენებდნენ, ახლა კი ეს ტბა უფუნქციოა. ამ ტბაში ბევრი თევზი არასდროს ყოფილა. ვფიქრობთ მედიებმა დეზინფორმაცია გაავრცელეს,” – განმარტა მოსოიანმა.
TOK TV გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტსაც დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა, ამ თემის შესახებ ინფორმაცია მათაც არ ჰქონდათ. ჩვენი მიმართვის საფუძველზე, დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილზე გადამოწმების მიზნით გავიდნენ, რის შემდეგაც ფაქტი დაადასტურეს და თევზის, სინჯების ასაღებად ლაბორატორიაში გადაგზავნა გადაწყვიტეს.
” ჯგუფმა შეამოწმა, დახვდათ ცოტა რაოდენობის თევზი. ვინაიდან დღეს ვერ ესწრებოდა გადაგზავნა ლაბორატორიაში ,ხვალ აიღებენ სინჯებს და გადაგზავნიან. ასევე , მომხდარის შესახებ ინფორმაციას მივაწვდით სურსათის ეროვნულ სააგენტოს,”- განმარტეს უწყებაში.
ტბაში მკვდარი თევზი, ადგილობრივებმა 18 მარტს აღმოაჩინეს.
შეგახსენებთ რამდნეიმე დღის წინ 2 ტონამდე მკვდარი ტევზი, სოფელ ბავრასთან ხელოვნურმა ტბამ გამორიყა.