მერიის თანამშრომლების ნათესავების კომპანიები მერიის ტენდერებში – ადიგენი #TI

May 5, 2025

“ვინ მდიდრდება შენს ხარჯზე,” “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიასთან დაკავშირებული პირების შესყიდვები შეისწავლა

სიუჟეტში ნახეთ კვლევის მთავარი მიგნებები

ამავე თემაზე: ვინ მდიდრდება შენს ხარჯზე – 2 მილიონზე მეტი ადიგენის თვითმმართველობაში დასაქმებული 10-მდე თანამშრომლის ნათესავებს, ადიგენის მერიიდან 

ტექსტი:

2 მილიონზე მეტი ლარი ადიგენის მერიიდან, ადიგენის მერიასთან დაკავშირებულ 15 პირს, პირდაპირი თუ უკონკურენტო ელექტრონული ტენდერების საშუალებით. 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს კვლევას, რომლის მიხედვითაც, 2017-25 წლებში, ადიგენის მერიის სახელმწიფო შესყიდვებიდან 2 მილიონზე მეტი, მათგან უმეტესი, 79 % პირდაპირი შესყიდვების საფუძველზე, თვითმმართველობაში დასაქმებული თანამშრომლების ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა მიიღეს. 

არასამთავრობო ორგანიზაციაში მიუთითებენ, რომ: 

  • ადიგენის მერის, გოჩა ქიმაძის შვილის ბიზნესპარტნიორმა 100 000-ზე მეტი ლარი მიიღო;
  • ქიმაძის ბიძაშვილის მეუღლემ, 260 000-ზე მეტი; 
  • “ქართული ოცნების” დეპუტატის ბიცოლამ, სახელმწიფო შესყიდვებით 200 000-მდე ლარი მიიღო; 
  • სოფელ უდეს რწმუნებულის ბიძამ და სიდედრმა – თითქმის ნახევარი მილიონი ლარი მიიღო;
  • თითქმის ნახევარი მილიონი ლარი მიიღო, მუნიციპალიტეტის შესყიდვებიდან, ზედუბნის ყოფილი რწმუნებულის, დის ოჯახმა;
  • წახანის ყოფილი რწმუნებულის შვილმა და ძმამ ბიუჯეტიდან 200 000-მდე ლარი მიიღო;
  • 90 000-მდე ლარი მიიღო ადიგენის საკრებულოში, „ოცნების“ დეპუტატის შვილმა;
  • ქონების მართვის სამსახურის უფროსის ძმამ, ბიუჯეტიდან სახელმწიფო შესყიდვით, 80 000-მდე ლარი მიიღო;
  • გუბერნატორის ყოფილი მოადგილის შვილმა, სახელმწიფო შესყიდვის საშუალებით, მათ შორის უკონკურენტოდ და გამარტივებული წესით, 250 000-ზე მეტი ლარი მიიღო;
  • სოფელ ვარხნის ყოფილმა რწმუნებულმა კი – 50 000-ზე მეტი ლარი;

“ეს არის ამბავი ი ის შესახებ, თუ როგორ უნაწილებს მცირე თანხასაც კი ადიგენის მერია თავის გარემოცვას,” – გვეუბნება არასამთავრობო ორგანიზაციის სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორი, თამუნა უჩიძე.

რა პოზიცია აქვს კვლევასთან დაკავშირებით ადიგენის მერს, გოჩა ქიმაძეს? – ადიგენის მერიიდან ინფორმაციის მიღებას მთელი დღის განმავლობაში ველოდებით. ჩვენი რედაქცია ცდილობს დაუკავშირდეს კვლევაში მოყვანილ ყველა პირს. მასალაც შესაბამისად განახლდება. 

“ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტების ერთგვაროვნება და მათი რაოდენობა მიუთითებს იმაზე, რომ ეს არ არის უბრალო დამთხვევა. როგორც ჩანს, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა სახელმწიფო ბიუჯეტის ფული საკუთარ და საკუთარი გარემოცვის ჯიბეში ჩაიდონ და ხალხის ხარჯზე გამდიდრდნენ,” – ნათქვამია კვლევაში.