ფოტო: Jnews.ge
რა გამოხმაურება მოჰყვა 31 იანვარს, ახალქალაქის ცენტრში გამართულ აქციას საჯარო უწყებების მხრიდან და ჰქონდათ თუ არა კომუნიკაცია მოსახლეობასთან ქალაქის მერს ან დეპუტატს? ამ კითხვით ჩვენ ახალქალაქის მერს, იურიკ უნანიანს მას შემდეგ დავუკავშირდით რაც ახალქალაქში ასობით მოქალაქე საზღვრების გახსნის და სავაჭრო შესაძლებლობების დაბრუნების მოთხოვნით შეიკრიბა.
ახალქალაქის მერმა გვითხრა, რომ მოქალაქეთა მოთხოვნის და პროტესტის შესახებ საქმის კურსშია, თუმცა აქციის შემდგომ მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
“გავიგე და ვიცოდი, რომ იმართებოდა აქცია. მე პირადად არ წავსულვარ, არც შემდგომ მქონია კომუნიკაცია. როგორც ვიცი საზღვრების გახსნას ითხოვდნენ, “ – გვეუბნება უნანიანი.
ჩვენ დავინტერესდით თუ ფლობს ინფორმაციას მისი ამომრჩევლების პრობლემების და მოთხოვნების შესახებ მაჟორიტარი დეპუტატი. სამველ მანუკიანი ამბობს, რომ მოსახლეობას მასთან შეხვედრა რომ სდომოდა “მოძებნიდნენ”.
“მოსახლეობას მე ძებნას ვერ დავუწყებ, სულ მისაწვდომი ვარ და ჩემთან შეხვედრის სურვილი თუ ჰქონდათ დამკავშირებდონენ,” – გვითხრა მანუკიანმა.
ადგილობრივი მედია Jnews-ის ჟურნალისტი, შუშან შირინინი, რომელიც გამართულ საპროტესტო აქციას აშუქებდა, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ “აქციაზე შეკრებილი მოსახლეობა ტრანსპორტის აკრძალვას და საზღვარგარეთ მუშაობის შეზღუდვას აპროტესტებდა”.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ახალქალაქში აქცია გაიმართა. მოსახლეობა საზღვრების გახსნას და სხვა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას ითხოვდა.
მოსახლეობის თქმით, აქციას ახალქალაქში კვლავ გამართავენ.
Toktv.ge