ამ სიუჟეტში ნახავთ, თუ რა ხდება სოფელ უდეში, ე.წ პირდაპირების დასახლებაში, სადაც 1 წლის წინ მეწყერი ჩამოწვა
უკვე ერთი წელია, ამ ტერიტორიაზე ხალხი თითქმის აღარ ცხოვრობს. მათი სახლები შარშან მეწყერმა დაანგრია, დააზიანა და საცხოვრებლად საშიში გახადა, რის გამოც მოსახლეობა იძულებული გახდა გადასახლებულიყო.
“მეწყერის შემდეგ” – ადიგენის სოფელი უდე
ვრცლად ნახეთ სიუჟეტი
ტექსტი:
ეს სოფელი უდეა, ე.წ პირდაპირების დასახლება. უკვე ერთი წელია, ამ ტერიტორიაზე ხალხი თითქმის აღარ ცხოვრობს. მათი სახლები შარშან მეწყერმა დაანგრია, დააზიანა და საცხოვრებლად საშიში გახადა, რის გამოც მოსახლეობა იძულებული გახდა გადასახლებულიყო.
ეს კაკლის ხეა, რომელიც მეწყერმა შუაზე გახლიჩა.1 წლის წინ გადაღებულ კადრებში ის ასე გამოიყურებოდა, ახლა კი ასეთ მდგომარეობაშია.
პირდაპირებში მცხოვრებთა ნაწილმა სახლი მეწყრის შემდეგ მალევე დატოვა, ნაწილი ჯერ კიდევ აქ ცხოვრობს და გადასასვლელად ემზადებიან. ადიგენის მერიის ცნობით, მათ რამდენიმე დღის წინ მიიღეს გეოლოგიური დასკვნა, რომლის მიხედვითაც განსახლებას კიდევ სამი ოჯახი ექვემდებარება.
კონკრეტულად რა წერია დასკვნაში? – ამის გასაგებად ადიგენის მერიიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა შემოგვთავაზეს. ჩვენ უწყებას კითხვებით უკვე მივმართეთ.
პარუნაშვილების სახლი
ამ სამ ოჯახს შორის არ არიან პარუნაშვილები. სოსო პარუნაშვილის საცხოვრებელ სახლს ბზარები ერთი წლის წინ გაუჩნდა. ბზარები თითქმის მთელ შენობას გასდევს. დაზიანდა ე.წ სახლის სარტყელი, კედლები, ჭერი.
სოსო პარუნაშვილი გვეუბნება, რომ რამდენიმე თვის წინ სახლის გამაგრება საკუთარი ძალებით სცადა, მაგრამ ვითარება ვერ გაუმჯობესდა.
მეწყერმა დააზიანა და ასე გამოიყურება პარუნაშვილების საცხოვრებელი სახლის ახლად დაგებული იატაკიც.
ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე გვეუბნება, რომ ჩატარებული გეოლოგიური კვლევის დასკვნის მიხედვით, სახლი არ ექვემდებარებოდა დემონტაჟს და გამაგრება სჭირდებოდა. მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მეწყერი კვლავ აქტიურდება, გეოლოგები განმეორებით მოიწვიეს, რომლებიც კიდევ ერთხელ შეისწავლიან სახლის მდგომარეობას, თუმცა კონკრეტულად რა ვადებში უცნობია.
სანამ გეოლოგები საცხოვრებელი სახლის მდგომარეობას კიდევ ერთხელ შეისწავლიან, პარუნაშვილები იძულებული არიან დაზიანებულ სახლში იცხოვრონ, რადგან ალტერნატიული ფართი არ აქვთ.
დღეს, ჩვენი რესპონდენტი კიდევ ერთხელ დაგვიკავშირდა და გეოლოგიური დასკვნა მოგვაწოდა, სადაც წერია:
“ორივე სართულზე დაბზარულია, როგორც შენობის მზიდი კედლები, ისე შიდა ტიხრები. დამჯდარია სამხრეთი კედელი, სადაც დაიკვირვება 2 სმ-მდე სიგანის
დიაგონალური ბზარი. ამობერილია იატაკი და დამსკდარია კერამიკული ფილები. აგრეთვე კარ-ფანჯარას უჭირს გაღება-დახურვა.
სახლის დაზიანების ძირითადი მიზეზი ფერდობში არსებული გრუნტის წყლების მაღალი დონეა, რაც მთელი უბნის პრობლემაა.
სიმონ პარუნაშვილის სახლს ესაჭიროება:
- დაზიანებული მზიდი კედლის აღდგენა-გამაგრება;
- სახლის გარშემო ღრმა სადრენაჟე სისტემის მოწყობა;
- სახლის სახურავის გარშემო ჟოლობების და მილების მოწყობა.”
შიდა საავტომობილო გზა
სოფელ უდეში აქტიური მეწყერი ხიფათს ქმნის შიდა საავტომობილო გზაზეც. აქ მიწა 3 დღის წინ ჩამოიშალა, შედეგად გადაადგილება ჩაიკეტა.
აქ მცხოვრები, ალექსი თუმანიშვილი გვეუბნება, მიწის მასა გზაზე სამი დღის წინ ჩამოიშალა და მიმოსვლა შეზღუდა. ეს გზა რამდენიმე ოჯახს, ცენტრალურ გზასთან აკავშირებს. ახლა ადგილობრივები სახლებთან შემოვლითი გზით დადიან.
ადიგენის მერი, გოჩა ქიმაძე ამბობს, რომ გზას მას შემდეგ გაწმენდენ, რაც ნიადაგი გაშრება. ახლა ტერიტორია თოვლით არის დაფარული.
ადიგენში, განგრძობადი მეწყრის შედეგად ჯამში რამდენი ოჯახი გახდა იძულებული შეეცვალა საცხოვრებელი? – ადიგენის მერიაში ინფორმაციის საჯარო წესით მიღება შემოგვთავაზეს, ჩვენ მონაცემები უკვე გამოვითხოვეთ.
ვიდრე გაერთიანებულ მონაცემებს მივიღებთ, ადიგენის მერიაში დაზარალებული მოსახლეობისათვის გაცემული კომპენსაციის
ოდენობას გვეუბნებიან. უწყების თანახმად, სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას, მათ ვისაც ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი ჰქონდათ, 30 000 ლარი დაურიცხეს, ხოლო დანარჩენებს 50 000 ლარი. მერის, გოჩა ქიმაძის თქმით, კომპენსაცია ჯამში 51 მოსახლეზე გასცეს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, უდეში მეწყრის შედეგად დაზარალებული 14 სახლის რეაბილიტაციისთვის, 270 000-ზე მეტ ლარზე, ტენდერი ორ ეტაპად გასული წლის 25 დეკემბერს გამოცხადდა, თუმცა არცერთი არ შედგა.
მერი ამბობს, რომ სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობა არავინ მიიღო და გეგმავენ ტენდერი ხელახლა გამოაცხადონ.
რამდენად არის საფრთხე იმისა, რომ დიდთოვლობის შემდეგ მეწყერი კვლავ გააქტიურდეს და როგორ შეიძლება პროცესის პრევენცია? – ვკითხეთ არასამთავრობო ორგანიზაცია, “მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების” ხელმძღვანელს, ნინო ჩხობაძეს.
ჩვენი რედაქცია ცდილობს გაარკვიოს იყო თუ არა ტერიტორია გეოლოგიურად შესწავლილი მაშინ, როდესაც მოსახლეობა ე.წ “პირდაპირებში” დასახლდა, – მერიიდან და გარემოს ეროვნული სააგენტოდან საჯარო ინფორმაცია, ამ თემაზეც გამოვითხოვეთ.
თემაზე მუშაობას განვაგრძობთ.