მეწყერი ჩამოწვა და ცენტრალური საავტომობილო გზის ნაწილი დაზიანდა არალთან

March 11, 2025

მეწყერი ჩამოწვა და ცენტრალური საავტომობილო გზის ნაწილი დაზიანდა ახალციხე-ადიგენის საავტომობილო გზაზე, კერძოდ სოფელ არლის მიმდებარედ

რა მდგომარეობაშია ტერიტორია და როგორია პასუხისმგებელი ორგანოების პოზიცია – ნახეთ სიუჟეტი 

ტექსტი:

მეწყერი ჩამოწვა და ცენტრალური საავტომობილო გზის ნაწილი დაზიანდა ახალციხე-ადიგენის საავტომობილო გზაზე, კერძოდ სოფელ არლის მიმდებარედ. უკვე რამდენიმე თვეა, რაც საავტომობილო გზა ასეთ მდგომარეობაშია. 

როგორც კადრებში ხედავთ, მეწყრის შედეგად ფერდობი ჩამოიშალა, რამაც სამანქანო გზის ნაწილიც მიიყოლა.

ახლა ამ ტერიტორიაზე გავლა ასე მოგიწევთ.

პრობლემის შესახებ ინფორმაცია აქვთ ადიგენის მერიაში. მერის, გოჩა ქიმაძის თქმით, გზა საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეკუთვნის, შესაბამისად პრობლემის აღმოფხვრაში ეს უწყებაა ჩართული. 

მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს პროექტირება, დაგეგმილია როგორც გზის მოწესრიგება, ასევე ფერდობის გამაგრება.

გოჩა ქიმაძე გვეუბნება, რომ დეპარტამენტის დაკვეთით, ტერიტორია გეოლოგებმაც შეისწავლეს და დასკვნაც მოამზადეს. იმავეს გვიდასტურებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში, თუმცა რა წერია დასკვნაში არ გვეუბნებიან, ჩენთვის უცნობია რა ვადებში მოაწესრიგებენ ტერიტიორიას და როდიდან გახდება მონაკვეთი გადაადგილებისთვის უსაფრთხო. 

ეს არ არის ერთადერთი ტერიტორია ადიგენის მუნიციპალიტეტში, სადაც მეწყერმა პრობლემები შექმნა. 

იგივე ვითარებაა სოფელ უდეშიც. ე.წ “პირდაპირების” დასახლებაში მეწყერი ერთი წლის წინ ჩამოწვა, შედეგად 30-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დააზიანა და რამდენიმე ოჯახის საცხოვრებლის შეცვლა გამოიწვია. როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, პროცესი ახლაც გრძელდება. 

ადიგენის მერი, გოჩა ქიმაძე ამბობს, რომ გუშინ მიიღეს გეოლოგიური დასკვნა, რომლის მიხედვითაც, კიდევ 3 ოჯახი ექვემდებარება განსახლებას. მისივე თქმით, დაზარალებულებს ქირით გაყვანას შესთავაზებენ. 

ჯამში რამდენი ოჯახი გახდა იძულებული საცხოვრებელი შეეცვალა? – ადიგენის მერიაში ინფორმაციის მისაღებად საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა შემოგვთავაზეს, ჩვენ მათგან ინფორმაცია უკვე გამოვითხოვეთ.

ამავე წყაროს ცნობით, სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას, მათ ვისაც ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი ჰქონდა, 30 000 ლარი დაურიცხეს, ხოლო დანარჩენებს 50 000 ლარი. 

ჩვენი რედაქცია ცდილობს გაარკვიოს იყო თუ არა ტერიტორია გეოლოგიურად შესწავლილი მაშინ, როდესაც მოსახლეობა ე.წ “პირდაპირებში” დასახლდა, – მერიიდან საჯარო ინფორმაცია, ამ თემაზეც გამოვითხოვეთ.

ჩვენ იგივე კითხვებით, ინფორმაცია საჯარო წესით გამოვითხოვეთ, გარემოს ეროვნული სააგენტოდან. TOK TV თემაზე მუშაობას განაგრძობს.