მეწყრის შემდეგ ცხოვრება – რა ხდება ადიგენის სოფელ უდეში, მას შემდეგ რაც, ერთი წლის წინ მეწყრის გამო 100-მდე სახლი დაინგრა და დაზიანდა.
გიჩვენებთ ტერიტორიას, რომელზეც ცოტა ხნის წინ ხალხიც ცხოვრობდა, მიწასაც ამუშავებდა და მეცხოველეობასაც მისდევდა.
რა ხდება დღეს – ნახეთ ვიდეო
ტექსტი:
ჩვენ ახლა ადიგენის სოფელ უდეში, ე.წ პირდაპირების დასახლებაში ვართ. ტერიტორია თითქმის სრულად დაცლილია, აქ მოსახლეობა აღარ ცხოვრობს, მიზეზი მეწყერია.
2024 წლის თებერვალში ჩამოწოლილმა მეწყერმა 50-ზე მეტი ოჯახი უსახლ-კაროდ დატოვა. მათმა ნაწილმა მამაპაპისეული ტერიტორიები შარშანვე დატოვეს.
გამოუსწორებელი შედეგების მქონე მეწყერი უდეში 2024 წლის თებერვალში ჩამოწვა, თუმცა პროცესი დღემდე გრძელდება. ტერიტორია ახლა ასე გამოიყურება.
ეს კი თინათინ წალდაძის სახლია, როგორც იგი გვეუბნება, მეწყერმა ერთადერთი საცხოვრებელი სახლის კედლები იმდენად დაუზიანა, რომ ექსპერტებმა, შენობის დემონტაჟის რეკომენდაცია გასცეს, თუმცა ამის მიუხედავად, წალდაძე სახლში მაინც რჩება და მუნიციპალიტეტის მერიას, ქირით გაყვანას ან კომპენსაციას სთხოვს.
თინათინ წალდაძე გვეუბნება, რომ შენობას ბზარები მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ გაუჩნდა, თუმცა ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ სახლს ბზარები სიძველის გამო აქვს. მერი, გოჩა ქიმაძე ამბობს, რომ თუ შენობა მეწყრის გამო არაა დაზიანებული, ვერც მის რეაბილიტაციას და ვერც ოჯახის გაყვანას ვერ მოახერხებენ.
მერისვე თქმით, გასული წლის თებერვალში, ჩამოწოლილმა მეწყერმა 100-ზე მეტი სახლი დააზიანა, მათგან თითქმის ნახევარს 50 000 და 30 000 ლარიანი კომპენსაცია მისცეს. ნაწილის სახლები კი, გამაგრებას ექვემდებარება. მისივე თქმით, დაზიანებული სახლების გამაგრების მოტივით არაერთი ტენდერი გამოაცხადეს, თუმცა არ შედგა.
რა ხდება ახლა? – გოჩა ქიმაძე გვეუბნება, რომ დახლოებით 2 კვირის წინ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ე.წ პირდაპირების დასახლება, 40 ჰექტარი ტერიტორია, სრულად შეისწავლონ, სამომავლო მეწყრის განვითარების პრევენციის მიზნით, თუ ტერიტორიაზე კვლავ იქნებ მეწყრის განვითარების რისკი, დაზიანებულ სახლებს არათუ გაარემონტებენ, არამედ მოსახლეობას ტერიტორიიდან სრულად გაიყვანენ.
და ბოლოს, გავიხსენოთ კაკლის ხე, რომელიც მეწყერმა შუაზე გახლიჩა. 2024 წლის 21 თებერვალს ხე ასე გამოიყურებოდა.
2025 წლის 13 მარტს ხე კიდევ უფრო გახლეჩილი იყო.
2025 წლის 14 ოქტომბერს, როდესაც ჩვენ უდეში ვიმყოფებოდით, იქ მცხოვრებმა გვითრა, რომ ხე სრულად გაიხლიჩა, გახმა და მოჭრეს.
ამავე თემაზე:
რას ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტო უდეში განვითარებულ მეწყერზე
უდეში, მეწყრულ ზონაში მყოფი 16 ოჯახი ევაკუირებას საჭიროებს-დასკვნა
უდეში, მეწყრულ ზონაში მოყოლილ სამ სახლში მცხოვრებლები გაიყვანეს – მერია