ვანო მერაბიშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში სამცხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არ წარდგება. ამის შესახებ მერაბიშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა.
„მე არ ვიქნები პარლამენტის წევრი და ასევე, არ დავიკავებ რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში. მე ვიქნები ჩართული ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში,“– წერს მერაბიშვილი.
დეტალების გასარკვევად ჩვენ ‘ერთიან ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის ოფისში დავრეკეთ: „პირდაპირ უწერია ყველაფერი, დამატებით ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. როგორც კი რაიმე გაირკვევა გამოვაქვეყნებთ აუცილებლად,“ – ამბობს ივერი ბალახაშვილი.
საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სამცხეში, ვანო მერაბიშვილი უნდა წარდგენილიყო.
ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო მიმდინარე წლის 20 თებერვალს დატოვა, იგი სასჯელს საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით იხდიდა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პატიმრობაში 6 წელი და 9 თვე გაატარა.