სამცხის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი და “ოცნების” საარჩევნო სიაში 37-ე ნომერი, ანტონ ობოლაშვილი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებებს წინასაარჩევნო აგიტაციისთვის იყენებს – ამის შესახებ ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციაში მიუთითებენ, რომ ანტონ ობოლაშვილი ასპინძის სოფელ რუსთავში, მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, “შოთაობა 2024”-ს დაესწრო, ხალხს სცენიდან მიმართა და დღესასწაული მიულოცა. ასევე, მან 12 სექტემბერს ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ თმოგვში საბავშვო ბაღი გახსნა, ხოლო შემდგომ “ქართული ოცნების” პარტიული დროშებთან ერთად მსვლელობა მოაწყო.
იგი ასევე ესწრებოდა ადიგენში, ახლად რეაბილიტირებული სპორტული და საცეკვაო დარბაზის გახსნასაც.
რა პოზიცია აქვს საკითხთან დაკავშირებით ანტონ ობოლაშვილს ? – ანტონ ობოლაშვილი ამბობს, რომ ღონისძიებებს არა როგორც დელეგატობის კანდიდატი, არამედ – როგორც მოქმედი მაჟორიტარი ესწრებოდა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეგიონული კოორდინატორის, თამუნა უჩიძის თქმით, ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებაზე პარლამენტის წევრობის კანდიდატის დასწრება ითვლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად, რაც 4 000- ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
აქვე გეტყვით, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა TI-ის შუამდგომლობა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილების შეჩერებაზე. რაჟდენ კუპრაშვილმა ორგანიზაცია და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური „განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად“ ცნო.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ორგანიზაცია და მისი დამკვირვებლები ოფიციალური სახელით ვერ დააკვირდებიან არჩევნებს, თუმცა აგრძელებენ ინდივიდუალურ მუშაობას.