მილხიდიდან, ხიდამდე-ახალციხე

February 6, 2025

გიყვებით არასწორი პროექტის გამო გაჭიანურებულ და მილხიდიდან ხიდად გადაკეთებულ პროექტზე, რომელმაც ორ წელზე მეტია 5 სოფელთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა. ახალციხელებს სასაფლაომდეც შემოვლითი გზით მისვლა უწევთ.

პრობლემის გაშუქება ჩვენმა რედაქციამ 2021 წლიდან დაიწყო, ტენდერი 2023 წლის დასაწყისში გამოცხადდა, თუმცა უკვე 2025 წელია და ტერიტორია ჯერ კიდევ ასე გამოიყურება. როდის დასრულდება ხიდის მოწყობა? – მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე გადავწყვიტეთ საკითხს კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ.


ეს დიალოგი, ჩვენს მიერ, რაბათის დასახლებაში დაზიანებული საავტომობილო გზების შესახებ მომზადებულ სიუჟეტის კომენტარებში წარიმართა. მოსახლეობა უკვე 10 წელზე მეტია ამ ტერიტორიაზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვს, ხოლო ორ წელზე მეტია ელოდებიან როდის დამთავრდება ხიდის მშენებლობა.

რა ხდება ახალა – ჩვენი გადამღები ჯგუფი დღეს, 4 თებერვალს ადგილზე იმყოფებოდა. სამუშაოებს, დროის მიხედვით, ხან “ქართული ოცნებისთვის” ხან კი “ნაციონალური მოძრაობისთვის” ფინანსური მხარდამჭერი კომპანია, შპს “არალი” აწარმოებს.


ახალციხის მერიამ, კომპანიას ხელშეკრულება, ტენდერის საფუძველზე, გასული წლის 14 ოქტომბერს, 1 200 000-ზე მეტ ლარზე გაუფორმა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერიამ კომპანიას დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი უკვე გადაუხადა, აქედან 120 000 ლარი ავანსს შეადგენს დანარჩენი გაწეული სამუშაოს ანაზღაურებაა. შპს “არალს” სამუშაოების შესრულების ვადა 2 აპრილამდე აქვს.


მილხიდიდან, ხიდამდე

ახალციხის მერიამ თავდაპირველად ტენდერი, მილხიდის მოწყობის მიზნით, 431 000 ლარზე, 2023 წლის 10 თებერვალს გამოაცხადა. ტენდერი მაშინაც შპს “არალმა” მიიღო და წესით, სამუშაოები 2023 წლის 29 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო. ხელშეკრულებაში ჯამში 7 ცვლილება შევიდა, მეშვიდე ცვლილება ხელშეკრულების შეწყვეტას ეხებოდა.


როგორც მაშინ, მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა გვითხრა, სამუშაოების დაწყების დროს მილხიდის ქვეშ კიდევ ახალი ხიდი აღმოჩნდა, რომელიც პროექტით გათვალისწინებული არ იყო, რამაც ხელშეკრულების შეწყვეტა და მილხიდის ნაცვლად, ხიდის მოწყობის საჭიროება გამოიწვია.

5 სოფელთან დამაკავშირებელი, 8 მეტრიანი მილხიდის და შემდგომ ხიდის, მოწყობის პროცესი მესამე წელია მიმდინარეობს, ამ დროის განმავლობაში მერიამ ორი სხვადასხვა ტენდერი გამოაცხადა და მერიამ 600 000-მდე ლარი უკვე დახარჯა. ამ დროის განმავლობაში პროცესში მხოლოდ
მერია და ერთი “ქართული ოცნების” შემწირველი კომპანია მონაწილეობს.