მილხიდის ნაცვლად ხიდი – ტენდერი რაბათში

September 23, 2024

ახალციხის მერია, რაბათში მილხიდის მოწყობის ნაცვლად, ხიდის აშენებას გეგმავს. მუნიციპალურმა ორგანომ 1 200 000-ზე მეტ ლარზე, ტენდერი უკვე გამოაცხადა. 

თუმცა სანამ ტენდერის შესახებ მოგიყვებით გავიხსენოთ, ყაზბეგის ქუჩაზე არსებული მილხიდის ისტორია.

მილხიდის მოწყობის გრძეეეეეელი ისტორია – ახალციხე 

მიხლიდი ისტორიული რაბათის დასახლებაში მდებარეობ(ს)და, ადგილობრივები მის მოწესრიგებას 10 წელზე მეტ ხანს ითხოვდნენ, რადგან მილი გაჭედილი იყო, საკანალიზაციო ნარჩენები ჩაედინებოდა და ანტისანიტარიულ გარემოს ქმნიდა.

მილხიდთან ყველაზე შორს მდებარე საცხოვრებელი სახლი მაქსიმუმ 10 მეტრით არის დაშორებული. 

ჩვენმა რედაქციამ პრობლემის გაშუქება აქტიურად 2021 წელს დაიწყო, მას შემდეგ საკითხი დაიძრა და გასულ წელს, მილხიდის მოწყობისთვის ტენდერი გამოაცხადეს. 

სახელმწიფო შესყიდვა მიიღო სხვადასხვა დროს “ენმ”-ს და “ქართული ოცნების” შემწირველმა კომპანიამ, სამუშაოებისთვის მერიას 400 000-ზე მეტი ლარი შესთავაზა და ხელშეკრულებაც გაფორმდა. 

ახალციხეში მილხიდის მოწყობა დაიწყეს

ხელშეკრულება მერიამ და კომპანიამ ზუსტად გასული წლის 3 აპრილს გააფორმეს. მას შემდეგ ხელშეკრულებაში სულ 7 ცვლილება შევიდა, ბოლო ცვლილება ხელშეკრულების გაუქმებას ეხებოდა.

რა ელის მილხიდს – ახალციხე

რატომ? – ახალციხის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობდა, რომ სამუშაოების დაწყების შემდეგ აღმოჩნდა რომ მილხიდის ქვემოთ კიდევ ერთი ძველი ხიდი იყო რომელიც პროექტში გათვალისწინებული არ ჰქონდათ, რის გამოც საჭირო გახდა არა მილხიდის მოწესრიგება, არამედ ახალი ხიდის აშენება. მისი მტკიცებით სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ პროექტი შეაჩერეს და ახლი ტენდერი გამოაცხადეს. 

ხელშეკრულების გაუქმებამდე შპს “არალს” 80 000-ზე მეტი ლარი უკვე ავანსის სახით მიღებული ჰქონდა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ უნდა დააბრუნოს აღებული ავანსით მიღებული თანხის და შესრულებულ სამუშაოებს შორის სხვაობა. 

ახალციხის მერიაში გვეუბნებიან, რომ კომპანიას დემონტაჟის და სხვა სამუშაოების შესრულების თანხას აუნაზღაურებენ. 

ცვალებადი ტენდერი – როდის დასრულდება ახალციხეში, ყაზბეგის ქუჩაზე მილხიდის მოწყობა

რაც შეეხება ტენდერს: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, წინადადებების მიღება ორ დღეში დასრულდება. 

კომპანიამ, რომელიც ტენდერს მიიღებს, ყაზბეგის ქუჩაზე ხიდი 1 200 000-ზე მეტ ლარად, დაახლოებით 5 თვეში უნდა მოაწყოს. 

გზა, სადაც მილხიდი იყო მოწყობილი რამდენიმე სოფელს ახალციხესთან აკავშირებს, ამ ეტაპზე გზა გადაკეტილია და მოსახლეობას ქალაქის ცენტრამდე მისვლა შემოვლითი გზით უწევს.