ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ახალციხის საკრებულოს, ფრაქცია „ქართული ოცნება – ახალციხეს“ ხელმძღვანელი, სამველ ოვენიანი თვითიზოლაციაშია. მისი თქმით, მას ახლო კონტაქტი არ ჰქონია ინფიცირებულთან. მისი თქმით ტესტის შედეგებმა აჩვენა, რომ ვირუსი არ დაუდასტურდა.
„მე ვიყავი ქუჩაში მასთან სიახლოვეს, უშუალო კონტაქტი არ მქონია, მაგრამ რომ გავიგე დაუდასტურდა მაინც გავიკეთე ტესტირება, პასუხი ახლახან მივიღე და უარყოფითია. თვითიზოლაციაში ვარ. მე ვთქვი, რომ თვითიზოლაციაში მინდოდა და დამთანხმდნენ,“ – გვიყვება ოვეიანი.
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის ოფისის თავმჯდომარე, დავით ბალიაშვილის თქმით, მიუხედავად თვითიზოლაციაში დარჩენის მოთხოვნისა, ბაკურიანში კარანტინში გადაიყვანეს თანაგუნდელებთან ერთად.
„ინფიცირებულს მხოლოდ ხელი ჩამოვართვი, სხვა კონტაქტი არ მქონია მასთან. ჩემი ინიციატივით მივაკითხე და გუშინ გვიან ავიღე ანალიზი . მითხრეს, რომ შემეძლო თვითიზოლაციაში ყოფნა. მას შემდეგ ორ საათში მირეკავენ და მეუბნებიან, რომ უნდა გადავიდე ბაკურიანში კარანტინში და ჩემი კითხვა იყო რატომ? მათ კი მითხრეს , რომ ასეა საჭიროო,“– გვითხრა ბალიაშვილლმა.
მისივე თქმით, მას ვირუსი არ დაუდასტურდა.
TOK TV-ს წყაროს ინფორმაციით, ბაკურიანში კორონავირუსზე შემოწმებული ადამიანების ტესტირების შედეგებიდან ვირუსი არცერთს დაუდასტურდათ. ამ ეტაპზე მხოლოდ ორი პირის პასუხებს ელოდებიან.
ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან დაკავშირებას დღის განმავლობაში არაერთგზის ვცდილობდით, თუმცა უშედეგოდ.
ახალციხიდან კორონავირუსზე ანალიზები 100-მდე პირს აუღეს, ყველა მათგანი იმ გასვენებაში იმყოფებოდა, სადაც ერთ-ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის საქართველოში სომხეთიდან შემოვიდა და 6 დღის შემდეგ COVID 19-ის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო.