ახალქალაქის კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში ჩავიდა, – ინფორმაციას და ფოტოებს რუსული ტელეგრამ არხი “Грузинская ФНКА России” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მეუფე ნიკოლოზი ქართველი ხელოვნებათმცოდნის, დავით არსენიშვილის დაბადების 120 წლის იუბილეს აღსანიშნად გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.
ამავე წყაროს ცნობით, გარდა მეუფე ნიკოლიზისა, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ რუსი და ქართველი სასულიერო პირები, კულტურის და აკადემიური სივრცის წარმომადგენლები და ა.შ.
ჩვენ მიტროპოლიტის ვკითხეთ: – რუსული ოკუპაციის ფონზე მოსკოვში ვიზიტები უქმნიდა თუ არა უხერხულობას,
– მიტროპოლიტმა მოგვწერა:
– “ჩემი პასუხი რომ გასაგები იყოს, ჯერ დავით არსენიშვილის შესახებ ინფორმაცია მოიპოვეთ და გამომიგზავნეთ”
ჩვენ მიტროპოლიტს მივწერეთ:
– “დავით არსენიშვილი — ქართველი რეჟისორი, თეატრის ისტორიკოსი და ხელოვნებათმცოდნე, რომელმაც დააარსა საბჭოთა საქართველოში პირველი თეატრალური მუზეუმი.”
ახლა ველოდებით მისგან პასუხს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში იმყოფებოდა. მან 2020 წელს, ვიზიტისას “რუსეთსა და საქართველოს დამაკავშირებელ საერთო ქრისტიანულ და ისტორიულ ღირებულებებზე” ისაუბრა.
2021 წელს კი მიტროპოლიტი მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს, ლიტურგიაში მონაწილეობას იღებდა.