ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
“სახელმწიფო ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონატში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება,” – ეს განცხადება გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს ეკუთვნის.
მიუხედავად იმისა, რომ მეექვსე დღეა გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტმა მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა, ომბუდსმენს ამ უფლების განხორციელება ამ დრომდე არ შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი გვიდასტურებს.
“სახალხო დამცველისთვის და საზოგადოებისთვის პასუხისმგებელი უწყების მხრიდან გატარებული ღონისძიების ანდა პოზიციის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განთავსებულ ბენეფიციართა საჭიროებების უგულებელყოფა ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება,’” – ნათქვამია ომბუდსმენის გავრცელებულ განცხადებაში.
გაეცნენ თუ არა გაეროს განცხადებას და იგეგმება თუ არა მონიტორინგის უზრუნველყოფა აღნიშნულ პანსიონატში? კითხვით ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ, თუმცა მათგან ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.
რა პოზიცია აქვთ საქართველოს საპატრიარქოში და ჰქონდათ თუ არა კონსულტაციები გაეროს განცხადების შემდეგ სხალთის მიტროპოლიტ სპირიდონთან, რომელიც აღნიშნულ პანსიონატს ხელმძღვანელობს? საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვეუბნებიან, რომ საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ბავშვთა პანსიონატების სამუშაოში არ ერევიან.
ომბუდსმენის განცხადების შემდეგ ვცდილობთ სხალთის მიტროპოლიტს დავუკავშირდეთ, მაგრამ ეს კვლავინდებურად შეუძლებელია.
“სავარაუდო ეჭვი იმის შესახებ, რომ პანსიონატში შესაძლოა ძალადობრივი ქმედებები ხდებოდეს საკმარისი არ არის”-ასეთია ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტს, ნიკოლოზ ფაჩუაშვილს პოზიცია.
ნინოწმინდის წმ. ნინოს სახელობის ბავშვთა პანსიონატში, ოფიციალური 57 არასრულწლოვანი იმყოფება, რომელთაგან ყველაზე პატარა 5 წლისაა. სახალხო დამცველის წინა წლების მონიტორინგის მიხედვით, პანსიონატში გამოიკვეთა სავარაუდო ძალადობის, დასჯის, თავისუფლების შეზღუდვის და სხვა დარღვევები.
2019 წლიდან კი დაწესებულებაში ომბუდსმენს მონიტორინგის უფლება შეეზღუდა.მიზეზი მეუფე სპირიდონის მიერვე გავრცელებული ვიდეო მიმართვის მიხედვით იდეოლოგიური განსხვავებებია.
ამავე თემაზე: «შეუვალი» პანსიონატი ნინოწმინდაში
PHR-მ დიდი ზომის ინსტიტუციებში მცხოვრები ბავშვების უფლებების დაცვისთვის სასამართლოს მიმართა
«ესენი სახლშიც კი არ უნდა შეუშვა» — მეუფე სპირიდონი ომბუდსმენზე
სახალხო დამცველის აპარატს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში არ უშვებენ