მოიწამლა თუ არა “ბაკურიანის” ბოთლიდან დალეული სითხით ბავშვი?

February 4, 2025

სავარაუდოდ ბაკურიანი “ციდას” ბოთლიდან დალეული სითხის გამო არასრულწლოვანი მოიწამლა, იგი იაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი, შემთხვევის შესახებ მოკვლევა დაიწყო “სურსათის ეროვნულმა სააგენტომ”.


ის რომ ბავშვი ბაკურიანის წყლის ბოთლიდან დალეული სითხის გამო მოიწამლა, “რადიო თავისუფლებას” უდასტურებენ იაშვილის კლინიკაში. როგორია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა? – აქ ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

“ბაკურიანის წყლის” მწარმოებელი კომპანია “IDS ბორჯომი საქართველო” აცხადებს, რომ იმ მაღაზიიდან აღებულ ნიმუშებში, საიდანაც იყო შეძენილი წყალი, დარღვევა არ გამოვლენილა. ამავე წყაროს ცნობით, გადაამოწმეს “საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას.”

დამატებითი დეტალების გასარკვევად ჩვენ კომპანიასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა იქ ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. 

აქვე გეტყვით, რომ ზემოხსენებულს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეები წერდნენ, რომ ბევრად მეტი ბავშვია მოწამლული. თუმცა, ამ დროისათვის, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.