მორიგი მოუწესრიგებელი საკანალიზაციო მილი ახალციხეში, ე.წ ფაბრიკის ბინების მიმდებარედ.
ქეთევან მელიქიძე ახალციხეში, ე.წ ფაბრიკის ბინების მიმდებარედ, ხანძთელის ქუჩაზე ცხოვრობს. ამ ტერიტრიაზე ათობით წელია საკანალიზაციო მილი დაზიანებულია და ანტსანიტარიულ გარემოს ქმნის, ნარჩენების ნაწილი კი მდინარეში ჩაედინება.
როგორც მელიქიძე გვეუბნება, კანალიზაციის სუნი განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში მძაფრდება. მისივე თქმით, საკითხის შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერიას შეატყობინეს, შეაგროვეს ხელმოწერებიც, თუმცა პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.
პრობლემის შესახებ ინფორმირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაც. აქ ვიდეო კომენტარის გაკეთება არ ისურვეს, ხოლო მოგვწერეს, რომ პროექტი მზად არის და მიმდინარე წელს ხანძთელის ქუჩაზე იგეგმება საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად გარე საკანალიზაციო მილების მოწესრიგებაც.
ეს არ არის ერთადერთი ადგილი ახალციხეში, სადაც საკანალიზაციო მილი დაზიანებულია. იგივე ვითარებაა რაბათში, ყაზბეგის და ხარსჭირაშვილის ქუჩაზეც, სადაც უკვე წლებია საკანალიზაციო ნარჩენები ღიად მოედინება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით, წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციისა და წყლის სისტემის განვითარებისთვის, სამ მილიონამდე ლარია გაწერილი, თუმცა კონკრეტულად საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგებისთვის რამდენია გათვალისწინებული მითითებული არ არის.