მთავრობის გადაწყვეტილებით ის აბონენტები, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ კომუნალური გადასახადი 3 თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდებათ. ამის შესახებ საქართველოს პრმეიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. პრემიერ მინისტრის განმარტებით, დაფინანსება დასუფთავების და წყლის გადასახადსაც მოიცავს.
გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა გეგმავს სპეციალური ღონისძიებების გატარებას იმ მოქალაქეებისთვის, ვინც კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებით სამსახური დაკარგა.
„გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ერთი თვით გამოცხადდა. ამჟამად დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი გარდა სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, ბენზინგასამართი სადგურების, ბანკებისა და საფოსტო ქსელის.
1 აპრილის დილის მონაცემებით საქართველოში საქართველოში კორონავირუსის 115 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 22 უკვე გამოჯანმრთელდა.