“ მძღოლს თუ საკუთარი მანქანა უყვარს არ უნდა უნდოდეს  აღნიშნულ მონაკვეთზე გადასვლა. “- როგორი ვითარებაა ხულო-ზარზმის გზაზე აჭარის მიმართულებით

August 21, 2023

რა ვითარებაა ხულო-ზარზმის  გზის მონაკვეთზე აჭარის მიმართულებით და შესაძლებელია თუ არა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება? საკითხით ჩვენ მას შემდეგ დავინტერესდით რაც კითხვა სოციალურ ქსელში დასვეს.

“ხულოდან უკვე შეჩერებულია სამუშაოები არ ღირს სედანით  წასვლა” – გვეუბნება თიკო კომოშვილი, რომელიც 2 კვირის წინ აღნიშნული მონაკვეთით აჭარაში საკუთარი ავტომობილით წავიდა. მისივე თქმით, გზაზე ორმოებია და გაკეთებამდე არავის ურჩევს აღნიშნული მონაკვეთით გადაადგილებას.

ანალოგიურს გვეუბნება, ერთ-ერთი მოქალაქეც, რომლის აზრით, ციტატა “ მძღოლს თუ საკუთარი მანქანა უყვარს არ უნდა უნდოდეს  აღნიშნულ მონაკვეთზე გადასვლა. “

არის თუ არა შესაძლებელი მსუბქი ავტომობილებით გადაადგილება ხულო-  ზარზმის მონაკვეთიდან აჭარის მიმართულებით? კითხვით ჩვენ  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დავუკავშირდით. უწყებაში  გვეუბნებიან, რომ  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზაზე (გოდერძის უღელტეხილი) მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, მუშაობს ტექნიკა, გზა  მოხრეშილია და   ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაშვებულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს გადავეცით არა ერთი მძღოლის დაფიქსირებული წუხილი, რომ გზები შეუსაბამო მდგომარეობაშია  და გადაადგილებისთვის თავის არიდება სჯობს, რაზეც დეპარტამენტში გვითხრეს რომ ხელმძღვანელობასთან გაივლიდნენ აღნიშნულ საკითხს და კომენტარის გაკეთების შემთხვევაში დაგვიკავშირდებოდნენ, თუმცა უწყებიდან აღარავინ დაგვკავშირებია.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზებზე სამუშაოებს კომპანია “სინოჰიდრო” აწარმოებს. ის 42 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერით შეარჩია და  ხელშეკრულება 2020 წელს, 96 მილიონამდე ლარზე გაუფორმა.

 შეგახსენებთ, რომ 50-მდე ადამიანი, რომელიც ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის მშენებლობაზე იყო  დასაქმებული „სინოჰიდროსგან“ ხელფასის მომატების და „ადამიანური პირობების“ მოთხოვნით რამდენიმე დღის განმავლობაში გაფიცული იყო. დღეისათვის გაფუცულთა ნაწილი ძველი პირობებით დაუბრუნდა სამაახურს.

აღნიშნული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის შედეგად, მოსალოდნელია რომ ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.