ახალციხის ციხეს ახალი დირექტორი ჰყავს. დღეიდან ამ პოზიციაზე ღვინის წარმოების სექტორში მოღვაწე ბიზნესმენი, გიორგი ნათენაძე იქნება, – ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.
როგორც მერი, ირაკლი ლაზარაშვილი გვეუბნება, კანდიდატი მისი გადაწყვეტილებით დანიშნეს და ნათენაძის გარდა სხვა არ განიხილებოდა.
“მხოლოდ ერთი კანდიდატ იყო, ჩემი გადაწყვეტილებით დაინიშნა. პირველ რიგში არის ღირსეული ახალციხელი. ბევრი კრიტერიუმები აქვს და იმედი გვაქვს, რომ გიორგი ღირსეულად შეასრულებს მოვალეობას,” – გვითხრა მერმა.
რატომ გადაწყვიტა ახალციხის ციხის დირექტორობა გიორგი ნათენაძემ და როგორია მისი გეგმები? კითხვა ჩვენ საკუთრივ მას დავუსვით. ნათენაძეს თქმით, მისი დანიშვნის ერთ-ერთი პირობა მისი ბექგრაუნდი იყო ტურიზმის სფეროში.
“გამოცდილება მაქვს ტურიზმის სფეროში და ალბათ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი. მაქვს კონკრეტული გეგმები, ტურიზმის განვითარებისთვის. გეგმას ვაკეთებ რომელიც მზად იქნება დეკემბრის ბოლოს,” – გვითხრა ნათენაძემ.
“ახალციხის ციხის” დირექტორის პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილი დირექტორი, დავით ტაბატაძე ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაინიშნა.