ისტორიული მნიშვნელობის მქონე, ვარძიის კომპლექსის სამრეკლოში, წყლის გაჟონვის გამო, ზიანდება კედლები, ნესტია ქვის ფასადებზე, ხდება ქვის გამოფიტვა და ეროზია, დაბზარულია კედელი, – “კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო” ვარძიის კომპლექსის დაზიანებაზე აქცენტირებს და ისტორიული ნაგებობის რეაბილიტაციისთვის საჭირო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისთვის ტენდერს აცხადებს.

გარდა ამისა, დოკუმენტების მიხედვით, დაზიანებულია მოაჯირებიც.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, სამრეკლოს რეაბილიტაციისთვის და მოაჯირების მოწყობისთვის საჭირო დოკუმენტაციისთვის 100 000-ზე მეტი ლარის დახარჯვას გეგმავენ.

გარდა ამისა, სააგენტო ტურისტულ კომპლექსში, 30 000-ზე მეტ ლარად წყალსადენის რეაბილიტაციასაც გეგმავს. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება, წყალსადენი მილების და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია და გზის საფარის აღდგენა.
ორივე სამუშაოებისთვის ტენდერი ორ ეტაპად არის გამოცხადებული.
ვარძიის კომპლექსი XII-XIII საუკუნეშია აგებული. 2021 წელს, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ევროპული მემკვიდრეობის ჯილდო „Europa Nostra“ გადაეცა.