ნინოწმინდის მერიას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა 500 ლარით დაჯარიმების ოქმი გამოუწერა. მიზეზი დედამიწის დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქციაზე დამწვარი ნარჩენებია. რეაგირება უწყების მხრიდან მედიის მიერ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გუშინ სამხრეთის კარიბჭემ გაავრცელა.
“ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ქალაქ ნინოწმინდაში მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენის ღია წესით წვის ფაქტი გამოავლინეს. სამმართველოს თანამშრომლებმა, აღნიშნულ სამართალდარღვევაზე ოქმი ნარჩენების მართვის 35-ე მუხლის პირველი ნაწილით შეადგინეს, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით,” – გვითხრეს უწყებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ოქმის გამოწერის შესახებ ინფორმაციას გვიდასტურებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურში, ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი გვეუბნება, რომ ზედამხედველობის სამსახურს ისინი არ დაუჯარიმებია.
“არავის დავუჯარიმებივართ, არც არანაირი შეტყობინება მოგვსვლია გარემოს დაცვითი დეპარტამენტიდან. არ ვიცი ნარჩენების დაწვის დროს იყო თუ არა გამხმარი ფოთლები, რადგან რამდენიმე ლოკაციაზე იყო ცეცხლი დანთებული,” – გვითხრა მოსოიანმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დედამიწის დღესთან დაკავშირებით ნინოწმინდის მერიამ დასუფთავების აქცია გამართა, რა დროსაც ნარჩენების ნაწილი დაწვეს.