სახალხო დღესასწაულის ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილი ღონისძიების ნაცვლად, გარდაბნის მერია 150 აზერბაიჯანელ შეჭირვებულ ოჯახს სასურსათო ნობათს გადასცემს, – ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.
ამავე წყაროს ცნობით, ღონისძიება რომელიც 19 მარტს უნდა გამართულიყო ამინდის გაუარესების გამო აღარ გაიმართა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტი ღონისძიების ორგანიზებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 29 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავდა, ხოლო ღონისძიების ორგანიზება ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს ,,ივენთიკას“ უნდა უზრუნველეყო.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით იგეგმებოდა ღონისძიების ჩატარების ადგილის მორთვა, პროგრამაში შედიოდა სპორტული ღონისძიების ჩატარება ნარდში. ამავე დოკუმენტის მიხედვით, გეგმავდნენ გამარჯვებულების დაჯილდოებასაც.
ასევე, გათვალისწინებული იყო აზერბაიჯანული ტრადიციული ტკბილეულის და ჩაის დეგუსტაცია, რომლისთვისაც 4 000 ლარი იყო განსაზღვრული. ასევე, 200 ადამიანზე გათვლილი ფურშეტი.
ზემოხსენებულის ნაცვლად კი, მერია 150 შეჭირვებული ოჯახისთვის სასურსათო ნობათის გადაცემას გეგმავს. რა თანხით იყიდიან სასურსათო ნობათს? – ინფორმაცია tok.tv -იმ მუნიციპალიტეტიდან წერილობით გამოითხოვა.
ჩვენი რედაქცია შპს ,,ივენთიკას“ დირექტორსაც დაუკავშირდა, უდროობის გამო სატელეფონო კომენტარის გაკეთება არ ისურვა და კითხვების წერილობით გაგზავნა გვთხოვა. ჩვენ გვაინტერესებდა რა ხარჯი გასწია დღესასწაულისთვის კომპანიამ რომელიც საბოლოოდ უამინდობის გამო აღარ ჩატარდა, პასუხს ამ დრომდე ველით.
გასულ წელს,,ნოვრუზ ბაირამის“ ღონისძიება გარდაბნის მერიას 13 750 ლარი დაუჯდა.
tok.tv თემაზე მუშაობას აგრძელებს და სიახლის შემთხვევაში მასალა განახლდება.