ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია ჯერ არ დაწყებულა

August 6, 2024

ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ხიდი 26 ივლისს ჩაინგრა.

რამ გამოიწვია ხიდის ნგრევა, რა ვითარებაა ახლა და დაიწყო თუ არა ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები? დეტალების გასარკვევად ჩვენი გადამღები ჯგუფი ადგილზე ჩავიდა.

ადგილობრივი მწყემსი tok.tv -ს გადამღებ ჯგუფს უყვება, რომ ხიდი მას შემდეგ ჩაინგრა, რაც მასზე ნაგვით დატვირთულმა მორიგმა სატვირთო ავტომანქანამ გაიარა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ხიდით, გარდა ადგილობრივი მოსახლეობისა ყოველდღიურად სარგებლობს ნაგავსაყრელზე მიმავალი მანქანები და დღეში ტონობით საყოფაცხოვრებო ნარჩენს ეზიდებიან.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებული განცხადებით, ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მალევე უნდა დაწყებულიყო.

ჩვენი ადგილზე ყოფნისას ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოება დაწყებული არ იყო. სტატიის გამოქვეყნებამდე ჩვენ კიდევ ერთხელ დავუკავშირდით ადგილობრივებს, ისინი გვეუბნებიან, რომ ვითარება უცვლელია.

ადგილობრივი მწყემსი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ხიდი დაზიანდა არავინ უნახავს. არც დროულად შეკეთების იმედი აქვთ, ამიტომ, მახლობლად მდებარე ფერმის მეპატრონემ მდინარეში გადასასვლელი გზა საკუთარი სახსრებით მოაწყო. რომლითაც მაღალი გამავლობის ავტომანქანებით ფერმამდე პროდუქტების და ნივთების მიტანა შეძლოს.

ჩვენ გარდაბნის მერიისაგან პასუხები შემდეგ კითხვებზე გვსურდა მიგვეღო: როდის დაიწყება სამუშაოები? გამოცხადდება ტენდერი თუ სამუშაოები გამარტივებული შესყიდვით უფრო მოკლე დროში დაიწყება? ვინ ამოწმებს და რა პერიოდულობით რაიონში მდებარე ხიდების მდგრადობას და შეესაბამება თუ არა ისინი სტანდარტებს?

ამ მიზნით ჩვენ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, სოფიკო ავალიანს დავუკავშირდით. მან ინფორმაციის მისაღებად ინფრასტრუქტურის სამსახურში გადაგვამისამართა, შესაბამისი პირის საკონტაქტო ინფორმაციის მოცემას დაგვპირდა და ტელეფონი გათიშა. დაპირებული საკონტაქტო ნომრის მისაღებად ჩვენ განმეორებითი დავურეკეთ და შემდეგი პასუხი მივიღეთ : ,,მე ვესაუბრები ჩემს ხელმძღვანელს, თუ არ შეგიძლიათ მოთმენა შეგიძლიათ ჩვენს საიტზე სამსახურის ხელმძღვანელების ნომრები არის საჯარო და იქ ნახოთ.“ საუბრის ბოლოს ისიც დასძინა, რომ მისთვის მის ხელმძღვანელთან კომუნიკაცია უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ჩვენთან, შესაბამისად უნდა დაველოდოთ.

Tok tv ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსს გოჩა ახალკაციშვილს დაუკავშირდა კითხვით; როდის დაიწყება ხიდის აღდგენითი სამუშაოები, როდის გამოცხადდება ტენდერი თუ სამუშაოები გამარტივებული შესყიდვით უფრო მოკლე დროში დაიწყება? ვინ ამოწმებს და რა პერიოდულობით რაიონში მდებარე ხიდების მდგრადობას და შეესაბამება თუ არა ისინი სტანდარტებს?

გოჩა ახალკაციშვილი: ,,ამჟამად დაპროექტებაზე მიმდინარეობს სამუშაოები და დაიწყება უმოკლეს დროში. როგორც მთავრობის გადაწყვეტილება იქნება ისე წავა პროცესი. ახალი დანიშნული ვარ ამ თანამდებობაზე და ახლა მიდის საბუთების შესწავლა, როდის ჩაუტარდა შემოწმება, რა ჩაუტარდა. “

ის რომ სავარაუდოდ ხიდის ნგრევა ნაგვით დატვირთულმა სატვირთო ავტომობილებმა გამოიწვია, მერიაში არ ადასტურებენ: ,, მანდ სტიქია მოხდა და მაგან გამოიწვია. ხიდზე ან ნაგავ მზიდი გაივლის, ან ბეტონმზიდი, ხიდის რისია, საფეხმავლო ხომ არ არის, გაფუჭდა, გაკეთდება, არ ინერვიულოთ. ყურადღება ექცევა განსაკუთრებულ რეჟიმში. ადგილზე მიდის სამუშაოები გეოლოგიური კვლევები.“

Tags: